საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
ბს-503-483(კ-10) 9 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ა-იას წარმომადგენლის ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. ა-იამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ.ს.ფ. 1-10).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაეკისრა ა. ა-იას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 704,30 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი კვების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო (იხ.ს.ფ. 50-51).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-იამ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.ს.ფ 55-65).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის განჩინებით ა. ა-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ 98-103).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-იამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.ს.ფ. 107-113).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით ა. ა-იას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ.ს.ფ. 94-95).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები მხარეებს არ წარმოუდგენიათ.
2010 წლის 7 ივნისს ა. ა-იას წარმომადგენელმა ნ. ჯ-ძემ /წარმომადგენლობის უფლებამოსილება იხ.ს.ფ./. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო წარმოებაში მყოფ საქმეზე წარმოების შეწყვეტა, შემდეგი მოტივით:
Gგანმცხადებლის მითითებით, მან წერილობით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადასაწყვეტად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა /იხ.ს.ფ./.
2010 წლის 9 ივლისს ა. ა-იას წარმომადგენელმა ნ. ჯ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ა. ა-იას მიერ საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა /იხ.ს.ფ./.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის მოტივების და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ა-იას წარმომადგენლის ნ. ჯ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა ა. ა-იამ განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის – ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით განსაზღვრული ნეგატიური დათქმის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე თვლის, რომ ა. ა-იას საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო კასატორს ერთმევა შესაძლებლობა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ა-იას წარმომადგენლის ნ. ჯ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს; შეწყდეს ა. ა-იას საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; განემარტოს მხარეს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო კასატორს ერთმევა შესაძლებლობა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.