ბს-503-498(2კ-11) 25 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. ბ-სა და ლ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 18 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ლეილა ახვლედიანმა მოპასუხეების–ზ. პ-ის, ბ. ბ-ის, ტ. მ-ის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს “....”, ი/მ “....”, შპს “....” და ნოტარიუს თამარ ჩამბას მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ც. ბ-ის სახელზე 2008 წლის 25 ივლისს გაცემული საკუთრების უფლების ¹9049 მოწმობის ბათილად ცნობას; ტ. მ-ისა და ზ. პ-ის მიწის ნაკვეთებიდან ზედდების არსებობის გამო, ზედდების ნაწილში მათი სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობას და მოპასუხეთა დავალდებულებას მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების შესახებ.
Lლ. ა-მა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სარჩელით, რომელშიც მოპასუხეებად მიუთითა: ც. ბ-ე, ზ. პ-ე, ტ. მ-ი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, მესამე პირები- შპს “...”, ი/მ “....”, შპს “...”.
მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 მაისის ¹74 ოქმის ბათილად ცნობას ც. ბ-ის ნაწილში, შესაბამისად, ც. ბ-ის სახელზე 2008 წლის 25 ივლისს გაცემული საკუთრების უფლების ¹9049 მოწმობის ბათილად ცნობას; აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობას; საჯარო რეესტრის დავალდებულებას მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით- ¹..... ზ. პ-ის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრში ჩანაწერისა და ელექტრონული ბაზის მონაცემების ჩასწორებას იმ ნაწილში, რა ნაწილშიც იგი ფარავდა ლ. ა-ის მიწის ნაკვეთს; საჯარო რეესტრის დავალდებულებას მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით- ¹..... 156 ტ. მ-ის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და ელექტრონული ბაზის მონაცემების ჩასწორებას იმ ნაწილში, რაშიც იგი ფარავდა ლეილა ახვლედიანის მიწის ნაკვეთს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ც. ბ-ის სასარგებლოდ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹9049 და მისი გაცემის საფუძვლად არსებული 2008 წლის 29 მაისის ¹74 საოქმო გადაწყვეტილება, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ც. ბ-ის სახელზე ¹9049 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი საჯარო რეესტრში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. ბ-ემ და ლ. ა-მა.
აპელანტი - ლ. ა-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
აპელანტი-ც. ბ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ლ. ა-სა და ც. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. ბ-ემ და ლეილა ახვლედიანმა.
კასატორი - ლ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი - ც. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ცირა ბერიძისა და ლეილა ახვლედიანის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ც. ბ-სა და ლ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ც. ბ-ისა და ლ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ც. ბ-სა და ლ. ა-ის საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ც. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი), ხოლო ლ. ა-ს -მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600 ლარის) 70% (420 ლარი),
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ბ-ისა და ლ. ა-ის საკასაციო საჩივრებს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
2. ც. ბ-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. ლ. ა-ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600 ლარის) 70% _ 420 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.