Facebook Twitter

ბს-507-487(კ-10) 30 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – ზ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქუთაისის რეგიონალური ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 17 სექტემბერს ზ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ უკანონოდ დარიცხული გადასახდის გაუქმების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა უკანონოდ დარიცხული გადასახადის - 45068, 93 ლარის ბათილად ცნობას.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 18 მაისის საგადასახადო შეტყობინება, რომლითაც ზ. გ-ძეს დაერიცხა 45068,93 ლარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესთ გაასაჩივრა ზ. გ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ზ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით ზ. გ-ძის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა

უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით ზ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. გ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.

2010 წლის 28 მაისს ზ. გ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზ. გ-ძის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ზ. გ-ძის სარჩელზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე – ზ. გ-ძემ უარი განაცხადა რა სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლოს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელზე უარს აცხადებს ფიზიკური პირი, ზ. გ-ძე, რის გამოც, სასამართლო ვერ გამოიყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. გ-ძის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ზ. გ-ძემ სარჩელზე უარი განაცხადა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე და 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-ძის განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. ზ. გ-ძის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. მოსარჩელეს განემარტოს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. ზ. გ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი: ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.