Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-512-507 (კ-11) 9 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. კ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.10 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.11წ. განჩინებით გ. კ-იას ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. კასატორს უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითარი (დედანი) ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. 18.04.11 წ. გ. კ-იამ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება, შემცირება ან გადავადება მოითხოვა. განცხადებას თანერთვოდა გ. კ-იას შვილების დაბადების მოწმობის ასლები, ოჯახის წევრების დევნილის მოწმობების ასლები და გ. კ-იას ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.11წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 7 დღით, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ ასახავდნენ კასატორის ქონებრივ მდგომარეობას და არ ქმნიდნენ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს. გ. კ-იამ 31.05.11 წ. წარმოადგინა განცხადება და განმეორებით ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, ბაჟის ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება. განმცხადებელმა განმარტა, რომ გარდა დევნილის შემწეობისა მის ოჯახს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, საკუთრებაში გააჩნია მხოლოდ ერთი ავტომობილი, რომელიც ტექნიკურად გაუმართავია, შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბანკებიდან აღებული აქვს სესხი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. კ-იას მიერ 31.05.11 წ. განცხადებაში მითითებული გარემოებები ცნობილი იყო საკასაციო სასამართლოსთვის ხარვეზის დადგენისა და შემდგომში ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე მსჯელობისას, მაგრამ მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული არ ასახავდა მის ქონებრივ მდგომარეობას და არ ქმნიდა კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს. გ. კ-იას 31.05.11 წ. განცხადებით არ წარმოუდგენია მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დაეკმაყოფილებია მისი შუამდგომლობა. ამდენად, კასატორის მოთხოვნა, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-იას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.