ბს-516-496(კ-10) 3 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნიკოლოზ მარგველაშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. ხ-ლი, წარმომადგენელი - ლ. კ-ძე (მინდობილობა 29.01.10წ.)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო, წარმომადგენელი - ლ. დ-ია (მინდობილობა 10.11.09წ., ¹27/1-2095), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო, წარმომადგენელი - დ. თ-ძე (მინდობილობა 7.05.10წ., ¹29/1-115942)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.10წ. განჩინება
დავის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
09.10.09წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ხ-ლმა მოპასუხეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წინააღმდეგ და დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელე ვ. ხ-ლმა სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა თანხის ნაწილში და განმარტა, რომ 1978-2005წწ. მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს არ აუნაზღაურებია ხუთი თვის ხელფასი 1190,74 ლარის ოდენობით, შსს შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს არ აქვს ანაზღაურებული სახელფასო დავალიანება 582,95 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაეკისროს 1190,74 ლარის ანაზღაურება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს 582,95 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.09წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, სულ - 287,95 ლარის ოდენობით; მოსარჩელე ვ. ხ-ლს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსათვის 1998 წლის ინვისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის კვების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე, სულ - 295 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის გამო; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელე ვ. ხ-ლის სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის დეკემბრის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 68,72 ლარის ოდენობით; მოსარჩელე ვ. ხ-ლს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის 2003 წლის დეკემბრის კვების ფულადი კომპენსაციის, თანხით - 59 ლარის ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის გამო; მოსარჩელე ვ. ხ-ლს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის 2004 წლის 30 დეკემბრიდან 2005 წლის 13 მაისამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემი კომპენსაციის, სულ – 1063,02 ლარის დაკისრებაზე, ხანდაზმულობის გამო. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 22.07.09წ. ¹27/7/3-ხ/29 და 28.10.09წ. ¹27/7/614-3699 წერილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროსათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები ითვალისწინებდა სახსრებს მხოლოდ მიმდინარე საჭიროებისათვის. ამავე ცნობებით დასტურდებოდა, რომ შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვ. ხ-ლის მიმართ გააჩნდა 2003 წლის დეკემბრის სახელფასო, ულუფის და 30.12.04წ. - 13.05.05წ. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში კომპენსაციის დავალიანება, სულ - 1190,74 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიმართ დავალიანება დადასტურებული იყო აგრეთვე შსს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს 15.08.09წ. ¹29/1-14-ხ-24 და 25.08.09წ. ¹29/1-14-ხ-27 წერილებით, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს ვ. ხ-ლის მიმართ გააჩნდა 1998 წლის ივნისი, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების დავალიანება, სულ – 582,95 ლარის ოდეობით. სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და კანონით გათვალისწინებულ სხვა კომპონენტებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ასკ-ის 24-ე და 331 მუხლების თანახმად, უნდა დაკისრებოდათ მოსარჩელის კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა, ანუ ხელფასის თანხის გაუცემლობა, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას მიიღოს კუთვნილი შრომის გასამრჯელო. ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ხ-ლის სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის დავალიანების ანაზღაურების შესახებ, არ იყო ხანდაზმული და ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. რაც შეეხება სასურსათო ულუფასა და კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემ კომპენსაციას, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება სასურსათო ულუფისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემი კომპენსაციისაგან და ამ უკანასკნელზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წერილების ვალის აღიარებად მიჩნევისათვის მათში, პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება კონკრეტული ვალის გადახდის თაობაზე. მათში მხოლოდ დაფიქსირებულია მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაციული მონაცემები სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ მათი მომავალში გადახდის ყოველგვარი დაპირების გარეშე. სასამართლომ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2003 წლის დეკემბრის კვების ფულადი კომოპენსაციის, ულუფის, რაც 59 ლარს შეადგენს, 2004 წლის 30 დეკემბრიდან 2005 წლის 13 მაისამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემი კომპენსაციის, რაც 1063,02 ლარს შეადგენს, ასევე 1998 წლის ივნისი, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების კვების ფულადი კომპენსაციის, ულუფის, რაც 295 ლარს შეადგენს, ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ვ. ხ-ლმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.10წ. განჩინებით ვ. ხ-ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.11.09წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა, რომ ვ. ხ-ლის სააპელაციო საჩივარში არ იყო მოყვანილი მათი გამაბათილებელი არგუმენტაცია, რის გამოც სააპელაციო პალატას გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერად და დასაბუთებულად მიაჩნია და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-ლმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის უარის თქმის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასურსათო ულუფა განსხვავდება ხელფასისაგან, რადგან იგი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა შრომითი გასამრჯელო, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. სასამართლომ შეფასება არ მისცა ასევე იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი ცნობით აღიარებული იყო ვალის არსებობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ხ-ლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.10წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემი კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, 2004 წლის 30 დეკემბრიდან 2005 წლის 13 მაისამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში დავალიანების ანაზღაურების ნაწილში. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული და შესაბამისად საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას საკასაციო საჩივრის იმ ნაწილზე, რომელიც ეხება შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსათვის 1998 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით კვების ფულადი კომპენსაციის (295 ლარის) დაკისრებას, აგრეთვე შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის 2003 წლის დეკემბრის კვების ფულადი კომპენსაციის (59 ლარის) დაკისრებაზე უარის თქმას, აგრეთვე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსათვის 287.95ლ. და შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის 68.72ლ. მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის დაკისრებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს შეადგენს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემი კომპენსაციის ანაზღაურებაზე (1063.02ლ.) უარის თქმა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული პერიოდი მოიცავს 2004 წლის 30 დეკემბრიდან 2005 წლის 13 მაისამდე პერიოდს, ამ პერიოდში ვ. ხ-ლის მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოიცავს ხელფასის (131,63ლ.), წოდების (62,31ლ.), პროცენტული დანამატის (77,58ლ.) დანამატის (585ლ.), ულუფის (206,5ლ.) თანხებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემი დავალიანების ანაზღაურება არის ხანდაზმული, რომ ხელფასი განსხვავდება კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემი კომპენსაციისაგან. საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლი, ვ. ხ-ლის სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებში ორგანიზაციული, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხებოდა კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 (ოთხი) თვით, 2 (ორი) თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მას მიეცემოდა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. ამდენად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო ხელფასის გაცემა, შესაბამისად, მოსაზრება იმის შესახებ, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები ანაზღაურება განსხვავდება სახელფასო დავალიანებისაგან, არ არის დასაბუთებული, არ ემყარება ვ. ხ-ლის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის (“ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას”) შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულ იქნა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანამხად, შს სამინისტროს თანამშრომლების საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და კანონით გათვალისწინებულ სხვა კომპონენტებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი ვ. ხ-ლის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთებს. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს 22.07.09წ. ¹27/7/3-6/29, 28.10.09წ. ¹27/71/614 ცნობების თანახმად, დავალიანება შეადგენდა 1063,02 ლარს, აქედან ხელფასი – 131,63 ლარს, წოდება – 62,31 ლარს, ულუფა – 206,5 ლარს, პროცენტული დანამატი - 77,58 ლარს და დანამატი - 585 ლარს.
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თავდაპირველი რედაქციისაგან განსხვავებით, ვ. ხ-ლის სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში მოქმედი ხელფასის ცნების რედაქცია მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს (31-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი), წელთა ნამსახურობის დანამატი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაციები კანონში შეტანილი ცვლილებების (28.06.2000წ.) შედეგად არ არის მოცული ხელფასის ცნებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ხ-ლის სასარჩელო მოთხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში დავალიანების ანაზღაურების შესახებ, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში კუთვნილი დავალიანების - 193, 94 ლარის (ხელფასი – 131,63ლ., წოდება – 62,31ლ.) ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში მოქმედი “პოლიციის შესახებ” კანონის რედაქციით, თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთებს მოიცავდა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში დავალიანების დანარჩენი ნაწილი, კომპენსაციები არის პერიოდულად ასანაზღაურებელი ვალდებულება, რომლის შესრულების წარმოშობის მომენტს სკ-ის 130-ე მუხლი უკავშირებს დროს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელეს გაცდენილი აქვს სკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, საქმეში დაცული ცნობები ინფორმაციული ხასიათისაა, არ შეიცავენ ნათლად და გარკვევით დავალიანების ანაზღაურების დაპირებას, ცნობები შეიცავენ მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ ინფორმაციულ მონაცემებს სახელფასო დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით, რაც არ ქმნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის, მისი ახლიდან ათვლის საფუძველს, რის გამო მართებულია საკასაციო პალატის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ. ხ-ლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.10წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ხ-ლის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გასაცემი კომპენსაციის დაკისრებაზე მთლიანად ეთქვა უარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. ვ. ხ-ლის სასარჩელო მოთხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელე ვ. ხ-ლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების – 193,94ლ. (ასოთხმოცდაცამეტი ლარის და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრის) ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.10წ. განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.