Facebook Twitter
ბს-518-498(კ-10) 21 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს კონტროლის პალატა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შ. ტ-შვილი

დავის საგანი _ სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შ. ტ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-10/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. მას არ მიუღია ხელფასი და სამივლინებო თანხები, მათ შორის, ხელფასის სახით _ 1215 ლარი, ხელზე ასაღები _ 1010,35 ლარის ოდენობით და სამივლინებო დავალიანება _ 837,50 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მაგრამ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოპასუხის მიერ არ განხორციელდა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:
მოპასუხე ორგანიზაციამ მოსარჩელეს 2008 წლის 25 ნოემბრის წერილით აცნობა, რომ მოსარჩელის სახელფასო დავალიანებას წარმოადგენდა ხელფასის სახით _ 1215 ლარი ხელზე ასაღები _ 1010,35 ლარის ოდენობით და სამივლინებო დავალიანება _ 837,50 ლარის ოდენობით, ხოლო სამინისტროში არ იყო მიღებული გადაწყვეტილება წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე და 38-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოპასუხემ - საქართველოს კონტროლის პალატამ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო შ. ტ-შვილის სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის თანხების ანაზღაურება უნდა დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს /იხ. ს.ფ.25-26/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ტ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 1010,35 ლარის ანაზღაურება და სამივლინებო დავალიანების _ 837,50 ლარის ანაზღაურება, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე შ. ტ-შვილი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან – საქართველოს კონტროლის პალატასთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და განმარტა, რომ მითითებული კანონის 37.1 მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ამავე კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, დადგენილი და აღიარებული იყო, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებობდა საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხებოდა საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას. 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - ხელფასის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონო იყო, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს მიაყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლით აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალდებულებდა, განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანება, ხელზე ასაღები ხელფასის თანხა _ 1010,35 ლარის ოდენობით და სამივლინებო დავალიანება _ 837,50 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დავალიანების არსებობა დადასტურებული იყო საქმეში არსებული ცნობით /იხ.ს.ფ. 37-41/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
“საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და სხვა დაფინანსების წყარო არ გააჩნია. ამდენად, მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების გადახდა უნდა დავალებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, რაც არ იქნა გათვალისწინებული საქალაქო სასამართლოს მიერ /იხ.ს.ფ. 45-49/.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 377.1, 390-ე მუხლების საფუძველზე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები. ამასთან სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ არ იზიარებდა სააპელაციო საჩივრის მოტივს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოვალედ მითითებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება-მოვალეობები საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ წარმოშობდა მის ვალდებულებას მოსარჩელისათვის თანხის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონო იყო, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს მიაყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალდებულებდა, განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, შ. ტ-შვილის სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული საქალაქო სასამართლოს მიერ /იხ.ს.ფ. 25-30, ტ. II/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, იგი მიღებულია სამართლის ნორმების დარღვევით, აგრეთვე ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების გარეშე.
კასატორის მითითებით, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, როდის დაითხოვეს პირი სამსახურიდან. კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სახელფასო დავალიანების შემთხვევაში, მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როდესაც მას უნდა მიეღო ხელფასი და არ მიიღო. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2003 წლის დავალიანება და ამდენად სარჩელი იყო ხანდაზმული /იხ.ს.ფ. 34-38, ტ. II/.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის სამივლინებო თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “ბ” მუხლის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.
მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება და წერილობითი შესაგებელი საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება სამივლინებო თანხების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ტ-შვილის სარჩელი სამივლინებო თანხების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპაუხისათვის სამივლინებო თანხების შ. ტ-შვილის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში არასწორია, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის ცნობით დადგენილია, რომ შ. ტ-შვილზე წინა წლებში წარმოქმნილი დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენს 1215,00 ლარს, ხელზე მისაღებია _ 1010,35 ლარი, ხოლო სამივლინებო დავალიანება შეადგენს 837,50 ლარს (ს.ფ. 18, ტ. I).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სამივლინებო დავალიანება წარმოადგენს მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია სამივლინებო დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, სამივლინებო დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო, მაგრამ სამივლინებო თანხების ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან, მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხების ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან. სამივლინებო თანხა, ხელფასის თანხისაგან განსხვავებით, არ არის მოქცეული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სამივლინებო თანხის, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, მოთხოვნა ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას.
იმის გათვალისწინებით, რომ შ. ტ-შვილმა, წინამდებარე სარჩელი აღძრა 2009 წლის 20 ნოემბერს, ხოლო სადავოა 2003 წლის სამივლინებო თანხები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სამივლინებო თანხების ანაზღაურების ნაწილში აღძრულია მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გაშვებით, რაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ხანდაზმულობის მოტივით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.
რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამივლინებო დავალიანების _ 837,50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე სამივლინებო დავალიანება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთათვის სამივლინებო დავალიანების თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება სამივლინებო დავალიანების _ 837,50 ლარის შ. ტ-შვილის სასარგებლოდ საქართველოს კონტროლის პალატისათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სამივლინებო დავალიანების _ 837,50 ლარის შ. ტ-შვილის სასარგებლოდ საქართველოს კონტროლის პალატისათვის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 257-ე, 372-ე, 243.2, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება მოსარჩელე შ. ტ-შვილისათვის სამივლინებო დავალიანების _ 837,50 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ. ტ-შვილის სარჩელი სამივლინებო დავალიანების _ 837,50 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.