Facebook Twitter

ბს-528-508(კ-10) 6 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ბ-ოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. ბ-იანმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება (იხ. ს.ფ 2-11)

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება მ. ბ-ოვა (32-33)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ბ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში ... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან 1/3 ნაწილი საკუთრების უფლებითაა აღიცხული მ. ბ-ოვას სახეზე; თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. თბილისში ... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან 1/3 ნაწილი საჯარო რეესტრში გ. ბ-იანის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 256-266).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ოვამ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 278-289)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ოვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ 90-98).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ოვამ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 158-118).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით მ. ბ-ოვას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მოსაზრებები მხარეებს არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ბ-ოვას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ მ. ბ-ოვას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. ბ-ოვას მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ მ. ბ-ოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 401.4. მუხლის შესაბამისად, კასატორს – მ. ბ-ოვას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ოვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – მ. ბ-ოვას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.