Facebook Twitter

ბს-53-52(კ-11) 30 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 22.12.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ა. გ-ძის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროსთან 10.11.05წ. გააფორმა კონტრაქტი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.02.07წ. ¹382 ბრძანებით ა. გ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2007 წლის 3 იანვრიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის _ 18707,4 ლარის, პირგასამტეხლოს _ ჯარიმის თანხის 30%-ის _ 5612,22 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 6231,4 ლარის და სანივთე ქონების დავალიანების _ 210,07 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. გ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით _ 18707,4 ლარის, პირგასამტეხლოს _ 5612,22 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების სახით _ 210,07 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეზე ზიანის სახით _ 6231,4 ლარის ოდენობით თანხის დაკისრებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.10წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა უახლესი პრაქტიკა, რომლითაც სამინისტროს მიერ ზიანის სახით მოთხოვნილ სახელფასო თანხებს მიანიჭა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხების სტატუსი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ხსენებული მოსაზრება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და იგი არ გამომდინარეობს საკასაციო საჩივარზე თანდართული განჩინებებიდან.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.