ბს-537-517(კ-10) 10 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნ. მარგველაშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. მ-შვილი, წარმომადგენელი – მ. პ-შვილი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი – ა. თ-ძე;
მესამე პირები_ნ. ჩ-ავა და მ. ს-ური, წარმომადგენელი გ. გ-ძე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 15 დეკემბერს ა., მ. და ვ. მ-შვილებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების – მ. და მ. ს-ურების მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 28 ივნისის ¹882008191317-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 ივლისის ¹880008226211-03 გადაწყვეტილებისა და ამავე სამსახურის 2008 წლის 10 ოქტომბრის ¹882008295740-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებდნენ, რომ ქ. მცხეთაში, ... ქ. ¹31-ში, მოსარჩელეებს, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, დაახლოებით 10 წელია, სარგებლობაში აქვთ 542 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, მოსარჩელე ა. მ-შვილმა მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებული 54 მ2 მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, რაიმე უფლება რეგისტრირებული არ იყო. 2008 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ სადავო 54 მ2 მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ კვეთდა მ. ს-ურის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ მომიჯნავე მიწის ფართის კოორდინატების შეცვლა მოხდა უკანონოდ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 28 ივნისის ¹882008191317-03 გადაწყვეტილება მ. ს-ურის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 ივლისის ¹880008226211-03 გადაწყვეტილება მ. ს-ურის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი, დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემა. ა. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 10 ოქტომბრის ¹882008295740-03 გადაწყვეტილების ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ” ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით; მ. მ-შვილისა და ვ. მ-შვილის სასარჩელო განცხადების ნაწილშიც შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებულ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე ინსტრუქციის 48-51-ე მუხლებით დადგენილია უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის აუცილებელი მონაცემები და მისი წარმოდგენის წესი, ხოლო მითითებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის იდენტიფიკაციისა და მისი საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის მიზნით, უძრავ ნივთს ენიჭება საკადასტრო კოდი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. მცხეთაში, ... და ... ქუჩის გასწვრივ მდებარე 225 მ2 მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 18 იანვარს. იმავე უძრავ ქონებაზე, 2008 წლის 23 ივნისს წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განხორციელდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რამ გამოიწვია მ. ს-ურის სარეგისტრაციო ჩანაწერის უკვე დაზუსტებულ მონაცემებში 2008 წლის 28 ივნისს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერით ცვლილებების შეტანა, რომლის საფუძველზე სადავო 225 მ2 მიწის ნაკვეთმა შეიცვალა ადგილმდებარეობა.
Pპირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული 2008 წლის 28 ივნისის განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გამოცემისას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა კანონით დადგენილი წესით არ გამოიკვლია ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად დადებული გარემოება, კერძოდ, რა ფაქტორმა გამოიწვია დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია რეგისტრირებული სადავო ნაკვეთის ადგილმდებარეობის შეცვლა სახელმწიფო გეოდეზიურ კორდინატთა სისტემაში. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული.
სასამართლოს მოსაზრებით, ბათილია ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება მ. ს-ურის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია 225 მ2 მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში სადავო ნაკვეთის შეცვლილი მდებარეობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება მ. ს-ურის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება მ. ს-ურის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მოპასუხეს დაევალოს, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად გამოსცეს კანონის ნორმების შესაბამისად დასაბუთებული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს მ. ს-ურის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული (დაზუსტებული მონაცემებით) 225 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შეცვლის საფუძვლები, რის შემდეგაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს, მ. ს-ურსა და მ. ს-ურს შორის 2008 წლის 21 ივლისის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ. ს-ურის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
რაც შეეხება ა. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლომ სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-41 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სადავო აქტით არ დასტურდება მოსარჩელე ა. მ-შვილის კანონიერი ინტერესის შელახვის ფაქტი.
ამასთან, სასამართლომ იმ მოტივზე მითითებით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა მხოლოდ ა. მ-შვილმა, მ. და ვ. მ-შვილების ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო, შეწყვიტა საქმის წარმოება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და მესამე პირებმა – მ. და მ. ს-ურებმა.
აპელანტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საპელაციო საჩივრით ითხოვდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აპელანტები – მ. და მ. ს-ურები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით მ. და მ. ს-ურებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. მ-შვილის სასარჩელო განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 28 ივნისის ¹882008191317-03 გადაწყვეტილებისა და 2008 წლის 25 ივლისის ¹880008226211-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამასთან, არ გაიზიარა მოცემულ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა შემდეგზე:
სადავო პერიოდისათვის მოქმედ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს. Dდასახელებული კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სარეგისტრაციო წარმოების, როგორც შეჩერების, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, ანუ დასახელებული ნორმების ჩამონათვალი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელიც გამორიცხავს რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მითითებული ნორმის დანაწესი არ ადგენს სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გამოკვლევის ვალდებულებას, აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სადავო რეგისტრაციის განხორციელების კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებანი.
სააპელაციო პალატამ ასეევე აღნიშნა, რომ 2008 წლის 25 მარტს, ა. მ-შვილმა განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. მცხეთაში, ... ქ. ¹31-ში, სახლის მიმდებარედ არსებული 54,36 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონება, რის თაობაზეც არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პასუხი. აღნიშნულთან მიმართებაში პალატამ მიუთითა მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონზე, რომლითაც დადგენილია განცხადების განხილვის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს და მისი დასახელებულ ვადაში განუხილველობა ითვლება მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად, რაც ა. მ-შვილს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-შვილის წარმომადგენელმა.
Kკასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის დასკვნები არ გამომდინარეობს მის მიერ გაზიარებულ და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, ვინაიდან დადგენილია, რომ მცხეთის რაიონის გამგეობამ მ. ს-ურს მიჰყიდა სხვა ნაკვეთი, ხოლო სადავო ადმინისტრაციული აქტებით მ. ს-ურს დაურეგისტრირდა სულ სხვა ნაკვეთი, რომლის გაყიდვის ნება არც თავდაპირველად და არც შემდეგ მცხეთის რაიონის გამგეობას არ გამოუხატავს. კასატორის მოსაზრებით, ამ (უკვე ახალი) მიწის ნაკვეთის მ. ს-ურზე რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მოეთხოვა სათანადო ორგანოს მიერ გაცემული უფლების დამდგენი ახალი დოკუმენტი, რადგან ამჯერად განიკარგა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯერ კიდევ გაუცემელი მიწის ნაკვეთი, რომლის განკარგვაზე სახელმწიფოს უნდა გამოეხატა თავისი ნება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2008 წლის 25 მარტს კასატორმა განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. მცხეთაში, ... ქ. 31-ში, სახლის მიმდებარედ არსებული 54,36 მ2 მიწის ნაკვეთის დაკანონება.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 14 მარტის ¹5410 წერილით კასატორ ა. მ-შვილს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე ფართობით 54 მ2, მდებარე ქ. მცხეთაში, ... ქუჩისა და ... ქუჩის მიმდებარედ, უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. ხოლო იმავე სამსახურის 2008 წლის 12 ნოემბერს 22/23-18347/8003/მ წერილით კასატორს განემარტა, რომ 54 კვ.მ მიწის ნაკვეთმა, იგივე კოორდინატებით სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში ნაწილობრივ გადაკვეთა მ. ს-ურის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნაკვეთის საზღვრები საკადასტრო კოდით 720703308. ამდენად, კასატორის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა მ. ს-ურის საკუთრებაში.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა მცხეთის რაიონის გამგეობის უფლება, ქ. მცხეთაში, ... და ... ქუჩის მიმდებარედ 225 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, უძრავი ქონების სარეგისტრაციო კოდი ¹7207 00922. რეგისტრაციის საფუძველი – მცხეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 ივნისის ¹681 მომართვა და 2005 წლის 6 ივნისის შერჩევის აქტი.
2006 წლის 17 იანვარს მცხეთის რაიონის გამგეობის მოთხოვნით მიწის ნაკვეთის ფართობი დაზუსტდა საკადასტრო კოდით 720703308.
2006 წლის 23 იანვარს მცხეთის რაიონის გამგეობასა და მ. ს-ურს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. მცხეთაში, ... და ... ქუჩის მიმდებარედ 225 მ2 მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული მონაცემებით, 2006 წლის 17 თებერვალს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მ. ს-ურზე.
2008 წლის 23 ივნისს მ. ს-ურმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 28 ივნისს მ. ს-ურის დაზუსტებულ რეგისტრირებულ მონაცემებში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც სადავო მიწის ნაკვეთმა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შეიცვალა ადგილმდებარეობა, ხოლო ნაკვეთის ფართობი 225 კვ.მ დარჩა უცვლელი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 ივლისის ¹882008226211-3 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მ. ს-ურის საკუთრების უფლება ქ. მცხეთაში, ... ქუჩისა და ... ქუჩის კუთხეში 225 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ¹720700922. რეგისტრაციის საფუძველი 2008 წლის 21 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული მ. ს-ურსა და მ. ს-ურს შორის.
მ. ს-ურის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 10 ოქტომბრის ¹882008295740-3 გადაწყვეტილებით “რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ” დამზადდა საკადასტრო გეგმა 225 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2009 წლის 25 სექტემბერს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული პირველი იძულებითი აუქციონის საფუძველზე 225 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა ნ. ჩ-ავა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რაც არ იძლევა მისი კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას და რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას შემოიფარგლება ერთადერთი მოტივაციით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო, “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე-24-ე მუხლებზე მითითებით, თვლის, რომ აღნიშნული მუხლებით დადგენილი დანაწესი არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გამოიკვლიოს, რითია განპირობებული დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, რომლითაც იცვლება ნაკვეთის ადგილმდებარეობა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში.
“უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის (ძალადაკარგულად გამოცხადდა 2008წ. 19 დეკემბერს) 23-ე-24-ე მუხლები განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებს, შესაბამისად, გაუგებარია, კონკრეტულად რა მოსაზრების გამო მივიდა სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ დასკვნამდე და რომელი მატერიალური ნორმა აძლევს საფუძველს, გამორიცხოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება შეამოწმოს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის კანონიერება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოითხოვება თუ უძრავი ნივთის შესახებ საკადასტრო მონაცემები არ მოიპოვება სარეგისტრაციო სამსახურში ან გამოვლენილია სარეგისტრაციო სამსახურში არსებული საკადასტრო აღწერის მონაცემთა შეუსაბამობა უფლების დამადასტურებელ საბუთში არსებულ მონაცემებთან; პირი არ ეთანხმება მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს ან მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში როდესაც 2006 წლის 17 იანვარს მცხეთის რაიონის გამგეობის მოთხოვნით დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართობი საკადასტრო კოდით 720703308, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, რა გარემოებამ განაპირობა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის აუცილებლობა. იყო თუ არა შეუსაბამობა არსებულ საკადასტრო აღწერის მონაცემებსა და უფლების დამადასტურებელ საბუთში არსებულ მონაცემებს შორის.
იმის გათვალისწინებით, რომ ნაკვეთის მონაცვლეობის შედეგად ადგილი აქვს კასატორის ინტერესთა სფეროში არსებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ გადაფარვას, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დადგინდეს, კონკრეტულად რომელ საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის გასხვისება მოხდა მესაკუთრის – მცხეთის რაიონის გამგეობის მხრიდან.
ზემოაღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ შემდეგ მტკიცებულებებზე: საქმეში ტ. I ს.ფ. 109-111 წარმოდგენილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 06.06.05წ. შერჩევის აქტი, საიდანაც იკვეთება, რომ გამგეობის მიერ შერჩეულ იქნა 0,0225 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის მდებარეობა სიტუაციური ნახაზის შესაბამისად სრულად შეესაბამება იმ მდგომარეობას, რაც სადავო პერიოდისათვის აქვს მიწის ნაკვეთს დაკავებული.
იმავე ტომში ს.ფ. 30-32 წარმოდგენილია საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდება რომ მცხეთის რაიონის გამგეობის ¹681 14.06.2005წ. მომართვის საფუძველზე განცხადების რეგისტრაციის ¹720600337 დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საზღვრები და საკადასტრო გეგმის შესაბამისად მიწის ნაკვეთმა შეიცვალა საზღვრები. მიწა შერჩევის აქტში მითითებულის ნაცვლად დაზუსტებული მონაცემებით ემიჯნება უშუალოდ ... ქუჩას.
საგულისხმოა, რომ მცხეთის რაიონის გამგეობასა და მ. ს-ურს შორის 2006 წლის 23 იანვარს გაფორმებულ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებას” საფუძვლად უდევს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უძრავი ქონების შესახებ) საკადასტრო რუკასთან ერთად გაცემული 18.01.2006წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განაცხადის რეგისტრაციის ¹720600337.
ამდენად, მიუხედავად ამონაწერის გაცემის თარიღში ერთდღიანი ცდომილებისა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვლად მითითებულია სწორედ ს.ფ. 30-32-ზე წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ამონაწერი და საკადასტრო რუკა.
უდავოა, რომ ამჟამინდელი რეგისტრაციით მიწა მოქცეულია იმ საზღვრებში, რომელიც მიწას ეკავა შერჩევის აქტის საფუძველზე და არა დაზუსტებული მონაცემებით.
უფლების დამადასტურებელ საბუთსა და ამჟამად არსებულ საკადასტრო აღწერის მონაცემებს შორის არსებული შეუსაბამობა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით საჭიროებს გამგეობის პოზიციის დადგენას, მის საკუთრებაში არსებული რომელი მიწის ნაკვეთის გასხვისება მოახდინა მ. ს-ურზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მე-3 პირად.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სასამართლოს აქტიურ როლზე მოიძიოს დამატებითი მტკიცებულებები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობა და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით მცხეთის რაიონის გამგეობა საქმეში ჩააბას მე-3 პირის სტატუსით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები გამოკვლეულია არასრულყოფილად, წარმოდგენილი არ არის შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.