Facebook Twitter

¹ბს-537-532 (კ-11) 15 ივნისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-ძემ 30.07.10 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 31.03.10 წ. ¹05/890 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ასაკით პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10 წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.11 წ. განჩინებით თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.11 წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სწორად იქნა მიჩნეული, რომ საჯარო სამართლის იურიდული პირის შესახებ კანონის მე-2 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. თ. მ-ძის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონით, საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნებისათვის, ამავე კანონის მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქტში მოცემული განმარტების მიხედვით, წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. ამდენად, მას საპენსიო ასაკის მიღწევისას სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლება არ წარმოეშობა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მით უმეტეს, რომ იგი არ ეწევა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, მათ შორის საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 10.07.07 წ. ¹ბს-132-123 (კ-07) გადაწყვეტილებას, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელთა საქმიანობის სამართლებრივი ბუნება დიფერენცირებულია შრომითი მოწყობის საკითხთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.11 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.