Facebook Twitter

ბს-548-527(კ-10) 15 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2005 წლის 24 მაისს ს. ყ-შვილმა და რ. ჩ-ძე-ჭ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქუთაისის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ: ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹42-ში (ყოფილი ¹...) მდებარე შენობის ნაწილის პირველადი ინვენტარიზაციით ... ქარხნის ბაგა-ბაღის ბალანსზე აღრიცხვის შესახებ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 29.06.98წ. განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობას; მოპასუხისათვის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესწორების შეტანის დავალებას; ქუთაისის მერიის დადგენილებისა და დანართის იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომელიც ეხებოდა ქუთაისში, ... ქუჩის ¹42-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქუთაისში, ... ქ. ¹42-ში (ყოფილი ¹...) მდებარე 1400 (ათას ოთხასი) კვ.მ მიწის ფართისა და მასზე აგებული ორსართულიანი, 360 კვ.მ ფართის სახლის, საკუთრების უფლებით აწ გარდაცვლილ ი. ე.-ძე ყ-შვილის სახელზე რეგისტრაციის დავალებას და ქუთაისის მერიის დადგენილებისა და თანდართული ნუსხის სასამართლოს მიერ გამოთხოვას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქუთაისის სამმართველო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1998 წლის 29 ივნისს განხორციელებული ქმედება, კერძოდ, ქუთაისში ... გამზირ ¹42-ში მდებარე შენობის დასავლეთი ნაწილის პირველადი ინვენტარიზაციით ... ქარხნის ბაგა-ბაღის ,,უქიმერიონის მუნიციპალიტეტის” ბალანსზე აღრიცხვის ჩანაწერი, თანმდევი შედეგებით; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერიის 2004 წლის 12 ოქტომბრის ¹38 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹36/ა-ში (ამჟამად ¹...) მდებარე არასაცხოვრებელი 219,66 კვ.მ ფართის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას; იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა აწ გარდაცვლილ ი. ყ-შვილის სახელზე ქ. ქუთაისში, ... გამზირ 42-ში მდებარე არასაცხოვრებელი 219,66 კვ.მ ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის მერიამ, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მესამე პირმა - სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ივნისის განჩინებით ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დავის საგნის გაზრდა, კერძოდ, ქ. ქუთაისის მერიის 12.12.1997წ. ¹709 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ საკითხის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივი; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის განჩინება, საქმეში მესამე პირად ფ. ა-ძის ჩართვის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოსათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერიის 1997 წლის 12 დეკემბრის ¹709 ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ქუთაისში, ... გამზირ ¹42-ში მდებარე ნაგებობის, კერძოდ, 219,66 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემას, თანმდევი შედეგებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველომ და ქუთაისის მერიამ.

აპელანტები სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებით დაკმაყოფილდა ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერიის 12.12.1997 წლის ¹709 ბრძანება ... გამზირ ¹42-ში მდებარე ნაგებობის, კერძოდ, 219,66 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებით; საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივრები; გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერიის 12.12.1997 წლის ¹709 ბრძანება ... გამზირ ¹42-ში მდებარე ნაგებობის, კერძოდ, 219,66 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებით, თანმდევი შედეგებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველომ და ქუთაისის მერიამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილბის გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ყ-შვილმა და რ. ჭ-შვილმა.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. იმის გათვალისწინებით, რომ ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ხოლო დანარჩენი - 200 ლარი კი გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ამასთან, ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ჭ-შვილს უნდა დაუბრუნდეს ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარი) 10 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ყ-შვილსა და რ. ჭ-შვილს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. თ. ჭ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარი) 10 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.