Facebook Twitter

¹ბს-552-547(კ-11) 18 მაისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 08.02.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ს.-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის სახით – 19733,34 ლარის, ზიანის _ 5734,38 ლარის, პირგასამტეხლოს – 5920,01 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების – 195,5 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

ა. ს.-მ 05.03.10წ. შეგებებული სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.04.07წ. ¹1140 ბრძანების ბათილად ცნობა და კონტრაქტის ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვეტა მოითხოვა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 09.07.10წ. საოქმო განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი გამოიყო ცალკე წარმოებად და მისი განხილვა შეჩერდა ა. ს.-ის შეგებებულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 09.07.10წ. გადაწყვეტილებით ა. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.04.07წ. ¹1140 ბრძანება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 20.02.06წ. ა. ს.-სთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 09.07.10წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქმე ¹ბს-1869-1822(კ-10)).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.