ბს-573-552(კ-10) 7 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სსხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ... ფონდის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2008 წლის 29 თებერვალს ... ფონდმა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კ. ჩ-იანის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სოფელ ლისის საკრებულოს 1997 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების _ კ. ჩ-იანისათვის მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიკუთვნების ნაწილში ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 ოქტომბრის სარეგისტრაციო ჩანაწერისა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობას.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინებით ... ფონდს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების: სოფელ ლისის საკრებულოს 1997 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოებაში მიღებაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ... ფონდმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით ... ფონდის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 ოქტომბრის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით ... ფონდს უარი ეთქვა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 ოქტომბრის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე და მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 ოქტომბრის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა.
... ფონდმა იმავდროულად კერძო საჩივარით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებით ... ფონდის კერძო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა 1997 წლის 26 სექტემბრის ¹73 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, კ. ჩ-იანისათვის 2600 მ2 მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში, ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ... ფონდის სასარჩელო მოთხოვნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... ფონდის წარმომადგენელმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით ... ფონდის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ... ფონდის წარმომადგენელმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ... ფონდის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას ... ფონდის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ... ფონდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ... ფონდის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ... ფონდის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ... ფონდს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... ფონდს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. ... ფონდს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.