ბს-574-553(2კ-10) 6 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 29 ივნისს უ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2007 წლის 2 თებერვლის შეტყობინება ¹006-1324-ს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უკანონოდ დარიცხული 500 ლარის ჩამოწერა (იხ. ს.ფ 2-3)
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით უ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ.106-111).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ბ-შვილმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 117-129)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინებით უ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ 22-28, ტ. II)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილსის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით უ. ბ-შვილისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 33-41, ტ. II).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ.ს.ფ. 64-67).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით უ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2007 წლის 2 თებერვლის შეტყობინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 113-128, ტ. III).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 134-144, ტ. III).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 3-13, ტ. IV).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ 59-72, ტ. IV).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილსის რეგიონალურმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით უ. ბ-შვილისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 78-86, ტ. IV).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივართან დაკავშირებით შესაგებელი წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ უ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.