Facebook Twitter

ბს-57-56 (კ-10) 02 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. ბ-შვილმა 29.06.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახურში (საქპატენტი) შეტანილ ¹000055, ¹000056, ¹000085, ¹000093, ¹000849, ¹0000851, ¹000862, ¹000863, ¹000892, ¹000928, ¹000929, ¹002236 ¹AP 1998 003093 გამოგონებებზე პატენტის გაცემის განაცხადებზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს სახელით გამოგონებების პატენტის დაუყოვნებლივ გაცემა და მოპასუხეზე ზიანის 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.07წ. განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”. ზ. ბ-შვილმა 20.03.08წ. განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მრეწველთა კავშირის მოპასუხეებად დაუყოვნებლივ ჩაბმა და სასარჩელო მოთხოვნის 5 000 000 აშშ დოლარიდან 4 000 000 აშშ დოლარის საქართველოს პრეზიდენტზე და 1 000 000 აშშ დოლარის მრეწველთა კავშირზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.09წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. ბ-შვილის შუამდგომლობა და შეწყდა წარმოება საქართველოს მრეწველთა კავშირის მიმართ 1 000 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.09წ. გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მესამე პირის “საქპატენტის” მიმართ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახურში (საქპატენტი) შეტანილ ¹000055, ¹000056, ¹000085, ¹000093, ¹000849,¹0000851, ¹000862, ¹000863, ¹000892, ¹000928, ¹000929, ¹002236 ¹AP 1998 003093 გამოგონებებზე პატენტის გაცემის განაცხადებზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს სახელით გამოგონებების პატენტის დაუყოვნებლივ გაცემა და მოპასუხეზე საავტორო ჯილდოს 5 000 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.09წ. განჩინებით ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდ; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.09წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.