ბს-588-567 (კ-10) 10 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნ. მარგველაშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ შ. კ-ძე, წარმომადგენელი რ. პ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება;
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 4 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შ. კ-ძემ მოპასუხის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს ¹24 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა მის სახელზე გაცემული 2007 წლის 18 დეკემბრის ¹0816 საკუთრების უფლების მოწმობა.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 0,2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. 2009 წლის 7 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ თვითონ სცნო ბათილად მის მიერვე გაცემული ¹0816 საკუთრების უფლების მოწმობა აღნიშნულის საფუძვლად მითითებულ საოქმო გადაწყვეტილებასთან ერთად.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ კომისიამ 2009 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. კ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 18 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. კ-ძის განცხადება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 0,2 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 18 დეკემბერს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა ¹0816 შ. კ-ძისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. Pპირველი ინტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ. კ-ძის მიერ კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტი.
Pპირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ შ. კ-ძის მიერ წარდგენილი არ ყოფილა მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი კოკუმენტაცია, სახელდობრ-საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლისს 15 სექტემბრის ¹525 ბრზანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე დოკუმენტი. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს და არც საკუთრების უფლების საფასური ყოფილა გადახდილი მის მიერ, რაც მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველია. სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ კომისიამ არ გაითვალისწინა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა, რომელიც აღმოიფხვრა მოწმობის გაცემის მართზომიერების გადამოწმების დროს, მოწმობის ბათილად ცნობით, რის გამოც ჩათვალა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. კ-ძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინებით შ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შ. კ-ძე თავისი განცხადებით საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით, ამავე საფუძვლით 2007 წლის 18 დეკემბრის ¹6 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 0,2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შ. კ-ძის სახელზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად ისე იქნა აღიარებული საკუთრების უფლება, რომ მას კომისიისათვის არ ჰქონდა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საგულისხმოა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადამოწმდა რა შ. კ-ძის სახელზე გაცემული ¹0816 საკუთრების მოწმობის კანონიერების საკითხი, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა, რომ იგი (შ. კ-ძე) სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელსაც არ წარმოადგენდა და აღნიშნული ნაკვეთით სარგებლობდა სხვა ფიზიკური პირი-ი. კ-ძე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შ. კ-ძეს არ გადაუხდია საკუთრების უფლების აღიარების საფასური, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გადაამოწმა მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 2007 წლის 18 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილების (შ. კ-ძის ნაწილში) და ასევე შ. კ-ძის სახელზე გაცემული 2007 წლის 18 დეკემბრის ¹0816 საკუთრების უფლების მოწმობის კანონშესაბამისობის საკითხი, დაადგინა, რომ შ. კ-ძე არ იყო მოწმობაში მითითებული ნაკვეთის არც თვითნებურად დამკავებელი და არც მართზომიერი მფლობელი, რის შედეგადაც ისინი ბათილად ცნო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. კ-ძემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სასამართლომ იმსჯელა არა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, არამედ ამ აქტით გაუქმებული აქტის კანონიერებაზე, მაშინ როდესაც აღნიშნული აქტი დავის საგანს არ წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა მისი მარწმუნებლისათვის საკუთრების უფლების ბათილობაზე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად, მას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” და “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით, ვინაიდან ამავე აქტების მე-4 მუხლის პირველ ნაწილში და მე-11 მუხლის პირველ ნაწილში ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული, ანუ საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით და ზემოხსენებული აქტებით. კასატორის მოსაზრებით, საკუთრების უფლების ხელყოფა სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე დაუშვებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის არასწორად განმარტების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს მითითებული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2007 წლის 17 დეკემბერს შ. კ-ძემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და როგორც მართლზომიერმა მფლობელმა, მოითხოვა ხელვაჩაურში, სოფ. ... მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. შ. კ-ძემ განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სფ.54). საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე 2008 წლის 19 აგვისტოს მეზობლების ნოტარიულად დადასტურებული განცხადებები იმის შესახებ, რომ შ. კ-ძე 1992 წლიდან იჯარის (სარგებლობის) წესით ამუშავებს 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (არასასოფლო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სოფ. ... (...) (სფ.136-137). 2007 წლის 18 დეკემბრის ¹6 ოქმის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შ. კ-ძის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში დაკავებულ 0,2ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. 2007 წლის 18 დეკემბერს გაიცა საკუთრების უფლების ¹0816 მოწმობა. 2007 წლის 28 დეკემბერს შ. კ-ძის სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს ¹24 ოქმით ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 18 დეკემბერს ¹6 საოქმო გადაწყვეტილება შ. კ-ძის ნაწილში და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების ¹0816 მოწმობა.
საქმეში წარმოდგენილი სადავო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს ¹24 საოქმო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შ. კ-ძის საკუთრების უფლებით აღიარებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა განმცხადებლის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ასევე წარმოების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილზე სახლობს მოქალაქე ი. კ-ძის ოჯახი და უშუალოდ ისინი ამუშავებენ დასახელებულ ნაკვეთს (სფ. 28-31).
Aამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნა მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების თაობაზე უკავშირდებოდა შ. კ-ძის მიერ მიწის მართლზომიერად დაკავების ფაქტს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის, კომისიისათვის მიმართვის პერიოდისათვის მოქმედი რედაქციის, მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1999 წლის 1 იანვრამდე.
ზემოაღნიშნული კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი” განსაზღვრავს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც საჭიროა მიწის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დასადგენად. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს მიეკუთვნება _ ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.
Aამდენად, შ. კ-ძის მიერ საკუთრების აღიარების კომისიისათვის მიმართვისა და ასევე დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძველით არის დაუფლებული ნივთს და ამასთან, იგი ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებს ასევე სამართლებრივი საფუძვლით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები კანონის ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში ვერ ხვდება, რის გამოც შ. კ-ძის საკუთრების უფლების აღიარება მითითებული სამართლებრივი საფუძვლით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ანიჭებს უფლებამოსილებას, ბათილად სცნოს მის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოპასუხეს სადავო აქტის ბათილად ცნობის უფლება არ ჰქონდა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაში ადგილი აქვს არა სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლებაში ჩარევას, არამედ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული საკუთრების უფლების კანონიერების შემოწმებას, რომლის სათანადო კომპეტენცია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გააჩნიათ როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასევე, სასამართლოს. ხოლო, ამგვარი შემოწმების პირობებში აქტის უკანონობის დადგენისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის IV-VII ნაწილები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული კოდექსის ზამოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო აქტებს, არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.