Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-60-59(კ-10) 25 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

2009 წლის 26 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ გ. ბ-შვილის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 16521,12 ლარის, ზიანის სახით 104,89 ლარის, სანივთე დავალიანების სახით 103,50 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 2006 წლის 4 ივნისიდან ყოველდღიურად 16521,12 ლარის 0,2%-ის ანაზღაურების მოთხოვნით.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ბ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ზიანის სახით _ 104,89 ლარისა და სანივთე დავალიანების სახით 103,50 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება გ. ბ-შვილისათვის ჯარიმის სახით _ 16521,12 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 16521,12 ლარის 0,2%-ის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. ბ-შვილს დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის _ 16521,12 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 2006 წლის 4 ივნისიდან ყოველდღიურად 16521,12 ლარის 0,2%-ის ჯარიმის თანხის სრულ გადახდამდე ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ბ-შვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი 2009 წლის 25 ნოემბერს ჩაბარდა დედას _ მ. ჯ-იას (ს.ფ. 123), საკასაციო საჩივარი კი გ. ბ-შვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 30 დეკემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2009 წლის 25 დეკემბერს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა გ. ბ-შვილს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა გ. ბ-შვილთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს _ დედას, ხოლო გზავნილის მიმღებმა პირმა ჩაიბარა რა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, იკისრა ვალდებულება, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის. ამასთან, ხსენებული გზავნილით არ დასტურდება, რომ მან უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების ჩაბარება გ. ბ-შვილის ოჯახის წევრისათვის _ დედისათვის, ითვლება განჩინების კასატორი მხარისათვის ჩაბარებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ბ-შვილმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.