ბს-616-595(კ-10) 28 ივნისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ო-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ო-ოვმა 2007 წლის პირველ აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიწის იჯარისა და სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერების ბათილად ცნობა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჰლიმან ომაროვის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და გ. დ-შვილს შორის დადებული 2005 წლის 22 ივლისის ¹009/05 მიწის იჯარის ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადების მომენტიდან. გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურში ¹0097/05 სარეგისტრაციო ჩანაწერი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განჩინებით გ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-ოვმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ო-ოვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ო-ოვის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე აჰლიმან ომაროვს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ო-ოვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განჩინება;
3. ა. ო-ოვს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.