Facebook Twitter

¹ბს-618-613(კ-11) 6 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. ს.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 31 ივლისს ი. ს.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და მესამე პირების – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გ. ბ.-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 24 ივნისის ¹3/85 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ი. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ს.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ი. ს.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე და 396-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად ი. ს.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი ი. ს.-ის დას – ნ. დ.-ს ჩაჰბარდა საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ...-ის ქ. ¹2) - 2011 წლის 15 აპრილს, ხოლო მის წარმომადგენელს – რ. ც.-ს – 2011 წლის 18 აპრილს. ი. ს.-ის წარმომადგენელს – რ. ც.-ს ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, მან ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადება - შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ფოსტის მეშვეობით 2011 წლის 27 აპრილს, წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის დას – ნ. დ.ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 15 აპრილს, ხოლო მის წარმომადგენელს – 2011 წლის 18 აპრილს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 26 აპრილის ოცდაოთხ საათამდე. კასატორის წარმომადგენელმა – რ. ც.-მ ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა და შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე წარმოადგინა 2011 წლის 27 აპრილს, სასამართლოს მიერ მითითებული 10 დღიანი ვადის გადაცილებით, რაც შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობისა და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ს.-ის წარმომადგენლის – რ. ც.-ის შუამდგომლობა ხარვეზის სრულად შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს.-ის წარმომადგენლის – რ. ც.-ის შუამდგომლობა ხარვეზის სრულად შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.