Facebook Twitter

ბს-621-599(კ-10) 8 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოწინააღმდეგე მხარის _ კ. ე-ძის გარდაცვალების გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 15 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – კ. ე-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით – 17804.16 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით – 6122.85 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 5341.25 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების სახით სანივთე ცნობაში ჩამონათვალი სანივთე ქონების ექვივალენტი ნატურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით – 20232 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 6069.60 ლარის, მის სწავლებაზე დახარჯული თანხის სახით - 160.65 ლარის ანაზღაურება და საწვიმარი ლაბადა ,,პანჩოს” ნატურით დაბრუნება დაევალა; სასარჩელო მოთხოვნა ზიანის სახით _ 6122.85 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამრთლოს 2009 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

2010 წლის 17 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა კ. ე-ძის გარდაცვალების მოწმობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მოწინააღმდეგე მხარეს _ კ. ე-ძე, ხოლო დავის საგანს _ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურის მიერ გაცემულ კ. ე-ძის გარდაცვალების მოწმობაზე, რომლის თანახმად კ. ე-ძე 2007 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვალების ფაქტი 2010 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა (ს.ფ. 141).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, მოპასუხე _ კ. ე-ძის გარდაცვალების გამო;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.