საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-630-625(კ-11) 4 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ ,,ა. ს-ოვის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონული ცენტრის მიმართ.
2010 წლის 11 ივნისსს ი/მ ,,ა. ს-ოვმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2010 წლის 24 მარტის ¹3222 ბრძანების, 2010 წლის 26 მარტის ¹771 ,,საგადასახადო მოთხოვნის” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 24 მარტის ¹322 ბრძანება, 2010 წლის 26 მარტოს ¹771 ,,საგადასახადო მოთხოვნა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება ი/მ ,,ა. ს-ოვზე” 170 184.49 ლარის დარიცხვის ნაწილში; მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლის, გამოკვლევის, ერთობლივი შემოსავლის, დღგ-ს ოდენობისა და შესაბამისი მტკიცებულებების სათანადოდ შეფასების შემდეგ, ი/მ ,,ა. ს-ოვზე” საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის სისწორის შემოწმება და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა დაევალა; ი/მ ,,ა. ს-ოვის” სარჩელი მითითებული აქტების სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და გორის რეგიონულმა ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის (გორის რეგიონული ცენტრის) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი/მ ,,ა. ს-ოვის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,ა. ს-ოვმა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ ი/მ ,,ა. ს-ოვის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ი/მ ,,ა. ს-ოვს” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2011 წლის 2 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ი/მ ,,ა. ს-ოვის” წარმომადგენელმა გ. ფ-ძემ, რომელმაც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; ი/მ ,,ა. ს-ოვს” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი ი/მ ,,ა. ს-ოვის” წარმომადგენლის გ. ფ-ძის სიმამრს ნ. შ-ოვს გ. ფ-ძეზე გადასაცემად ჩაბარდა 2011 წლის 25 მაისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2011 წლის 30 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი. ი/მ ,,ა. ს-ოვმა” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 6 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ი/მ ,,ა. ს-ოვის” საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.