Facebook Twitter

ბს-634-629(კ-11) 10 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 29 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-634-629(კ-11) ე. ა.-ს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ე. ა.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია ე. ა.-ის საკასაციო საჩივარს დართული ჰქონდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი 2011 წლის 4 იანვრის გაცემული მოწმობის ასლი, რომლის თანახმად ე. ა.-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა – 66970, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან არ წარმოადგენდა სსსკ-ის 46.1 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ამასთან, საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და სსსკ-ის 393-394-ე მუხლის რომელ პუნქტზე დაყრდნობით ამყარებდა კასატორი თავის მოთხოვნებს, ამასთან, საკასაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით რამდენი მხარეც იყო საქმეში.

შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზების შესავსებად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 196-198).

2011 წლის 2 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ა.-მა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 211-214).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ე. ა.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს _ ე. ა.-ს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განჩინების ასლი კასატორ – ე. ა.-სა და მის წარმომადგენლებს მ. ა.-სა და შ. ჭ.-ს გაეგზავნათ საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 199-200).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გაგზავნილი აქტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განჩინების ასლი ე. ა.-სთვის გადასაცემად ჩაჰბარდა ნათესავს – ზ. მ.-ს - 2011 წლის 27 აპრილს (იხ. ს.ფ. 205), ე. ა.-ის წარმომადგენელ – მ. ა.-ს ჩაჰბარდა 2011 წლის 15 აპრილს (იხ. ს.ფ 204), მეორე წარმომადგენელ – შ. ჭ.-ს – 2011 წლის 18 აპრილს (იხ. ს.ფ. 206), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოეწურათ – 2011 წლის 26 აპრილს, ვინაიდან 25 აპრილი იყო უქმე, თანახმად, სსსკ-ის 61.2 მუხლისა, კასატორმა კი ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს ფოსტით მომართა 2011 წლის 28 აპრილს, 10-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით. ამასთან, კასატორის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა 2011 წლის 28 აპრილს, ხოლო ის გარემოება, თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი) კვლავ არ იქნა ჩამოყალიბებული და ასევე მის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცახდება არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა (იხ. ს.ფ. 211-214).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან სასკ-ის 13.2 მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგაზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად და შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ვადის ათვლა უნდა დაიწყოს წარმომადგენლისათვის ჩაბარების დღიდან, ვინიადან ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან/და მის წარმომადგენელს (ერთ-ერთ მათგანს) ჩაბარდა სასამართლო აქტი, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ე. ა.-ის წარმომადგენელს – მ. ა.-ს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 15 აპრილს, მეორე წარმომადგენელ შ. ჭ.-ს – 2011 წლის 18 აპრილს, ხოლო მხარეს ე. ა.-ს – 2011 წლის 27 აპრილს, ე.ი. 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს განჩინების ე. ა.-ის წარმომადგენელ – მ. ა.-სთვის ჩაბარების დღიდან 2011 წლის 15 აპრილიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ა.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ამასთან, კასატორს სსსკ-ის 185.1 მუხლის შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. კასატორს – ე. ა.-ის დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ამალია საინოვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სრულად შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.