¹ბს-646-640(კ-11) 30 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 22 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ა. ლ-ძის მიმართ.
მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ა. ლ-ძისათვის ჯარიმის სახით – 14000 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით – 2789.57 ლარის და პირგასამტეხლოს სახით – 14000 ლარის 0.2%-ის ოდენობით ყოველთვიურად 2005 წლის 25 ნოემბრიდან სადავო თანხის გადახდამდე თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში განმარტა, რომ მოპასუხე ა. ლ-ძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹977 ბრძანებით კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად პირველ ქვ. ბრიგადაში დაინიშნა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრის ¹3189 ბრძანებით მოპასუხე ა. ლ-ძე 2005 წლის 14 ნოემბრიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე – ა. ლ-ის მიმართ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სამინისტროსა და ა. ლ-ძეს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე ამყარებს, თუმცა მოსარჩელემ ვერ წარადგინა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ კონტრაქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს ფულადი თანხის – ჯარიმის გადახდის ვალდებულება მხოლოდ კონტრაქტის ერთ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ეკისრება. რაც შეეხება ერთ წლამდე პერიოდს, აღნიშნულზე მხარეთა შორის ჯარიმა-საურავების თაობაზე შეთანხმების არ არსებობის გამო, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას კონტრაქტის ერთ წლამდე შეწყვეტის შემთხვევაში. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ა. ლ-ძემ შეიარაღებულ ძალებში 7 თვე იმსახურა, ანუ 1 წელზე ნაკლები, მას ჯარიმის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა. ასევე, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ა. ლ-ძეს მოსარჩელის მიმართ ჯარიმის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია, ამიტომ მას არც პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელფასის ხასიათიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.