Facebook Twitter

ბს-650-628(კ-10) 22 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა სახელფასო სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება და სახელფასო დავალიანების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის მოპასუხეზე დაკისრება (იხ.ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 1109,01 და ასევე სამივლინებო დავალიანების 29 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 50-55).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ 58-67).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ 91-95).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 100-108).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ.ს.ფ. 94-95).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინდა ქ. კ-შვილმა, რომელშიც მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.