Facebook Twitter

¹ბს-656-650(კ-11) 29 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს ,,...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2) სსიპ შემოსავლების სამსახური; 3) სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი (უფლებამონაცვლე _ სსიპ შემოსავლების სამსახური)

მესამე პირი _ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება

განხილვის საგანი _ სარჩელზე უარი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 2 სექტემბერს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ¹211 ,,საგადასახადო მოთხოვნის”, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 8 თებერვლის ¹689 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 29 ივლისის ¹393/2/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2010 წლის 22 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხეებად დამატებით მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესი გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა მათ მიერ წარდგენილ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიურ საქმეებზე იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...” საკასაციო საჩივარი.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, 2011 წლის 22 ივნისს შპს ,,,...” განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. კასატორმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე უარი თქვა სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შპს ,,...” და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 მაისის ¹1096 განკარგულების საფუძველზე, 2011 წლის 2 ივნისს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც კასატორისათვის გადასახდელად დარიცხული თანხა განისაზღვრა 55 000 ლარით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო მოსარჩელე შპს ,,...” შუამდგომლობას სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,...” სარჩელზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, იურიდიული (ფიზიკური) პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მთავარ სხდომაზე და მთავარ სხდომამდე საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში ბაჟის ოდენობის განსაზღვრის საკითხს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს “...” სარჩელზე უარი თქვა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზ. ბ-იანს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შპს “...’’ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...” შუამდგომლობა სარჩელზე უარი თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე შპს ,,...” და მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტსა (უფლებამონაცვლე _ სსიპ შემოსავლების სამსახური) და მესამე პირს _ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება;

4. ზ. ბ-იანს დაუბრუნდეს მის მიერ შპს “...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 8000 ლარი;

5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.