¹ბს-663-657(კ-11) 29 ივნისი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჯ-ამ 23.06.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ლ. გ-შვილისა და ქ. თბილისის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისში, ... ... I ჩიხი ¹13-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე მოპასუხის მიერ ლ. გ-შვილის სახელზე 07.07.09წ. გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.10წ. გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.12.08წ. გადაწყვეტილებისა (სხდომის ოქმი ¹47) და მის საფუძველზე 07.07.09წ. გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობაზე. იმავე სასამართლოს 04.10.10წ. დამატებითი გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას ლ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.10წ. განჩინებით ლ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.10წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-ამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.10წ განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ ლ. ჯ-ას დაუბრუნდეს მის მიერ 10.05.11წ. ¹5 საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.