ბს-664-642(კ-10) 3 ნოემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნიკოლოზ მარგველაშვილი
კასატორი – ი. ვ-ძე, წარმომადგენელი – ნ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი – თ. ს-ძე
მესამე პირი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება
დავის საგანი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹218 ბრძანების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება სამუშაოზე აღდგენის თაობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 20 ნოემბერს ი. ვ-ძემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹218 ბრძანების ბათილად (უკანონოდ) ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ 1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ითვლებოდა წარმატებულ მუშაკად. 2007 წელს დაინიშნა ხარაგაულის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ... თანამდებობაზე და მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა მაღალი პასუხისმგებლობით. 2009 წლის 27 ოქტომბერს მას გადასცეს გამგებლის ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ დისციპლინური გადაცდომის გამო. გამგებლის იურისტის განმარტებით, მის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი განყოფილების ... – ლ. შ-ძის მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რომლის მიმართ კონტროლი ევალებოდა მას, როგორც განყოფილების .... აღნიშნულთან დაკავშირებით, ლ. შ-ძეს მიეცა შენიშვნა, ხოლო თვითონ განთავისუფლდა სამსახურიდან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსარჩელე მიიჩნევდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად. ლ. შ-ძის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები შესრულებულ იქნა ჯეროვნად, შესაბამისად, არც დისციპლინურ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, არ იქნა მხედველობაში მიღებული, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ყოველთვის ასრულებდა პირნათლად და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 აპრილის ¹13 და 2009 წლის 27 აპრილის ¹14 განკარგულებებით მისი მუშაობა შეფასებულია დადებითად.
ამდენად, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რადგან დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და რომც ჩაედინა, აღნიშნული არ წარმოადგენდა ისეთი ხასიათის დარღვევას, რისთვისაც უპირობოდ ექვემდებარებოდა დათხოვნას.
ხარაგაულის მაგისტრატი მოსამართლის 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ი. ჩ-ძე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ვ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ვ-ძე 2007 წლიდან დანიშნული იყო ხარაგაულის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ... და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის სამსახურის ..., რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹177 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა სამუშაო გეგმა, რომლის მე-14 პუნქტის თანახმად, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა ... ლ. შ-ძეს დაევალა 20 სექტემბრამდე წარმოედგინა დაბა ხარაგაულის სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის, წყალმომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემით მომსახურეობის არსებული მდგომარეობის შესწავლა და ინფორმაციის წარმოდგენა. ლ. შ-ძე მივიდა დაბის ტერიტორიაზე არსებულ სასწავლო დაწესებულებებში, თუმცა დაწვრილებით და კონკრეტულად არ შეუმოწმებია სანიტარული ნორმების დაცვის და წყალმომარაგების მხრივ არსებული პრობლემალური მდგომარეობა. შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი გასაუბრებით და არასრული ინფორმაციებით, ამასთან, რაიმე წერილობითი აქტი არ შემდგარა. დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის ლ. შ-ძეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა – შენიშვნა, რაც სადავო არ გამხდარა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გამგეობის სტრულტურული ერთეულის ... პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე, ხოლო “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ი. ვ-ძე, როგორც გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ..., ვალდებული იყო კონტროლი გაეწია მისი სამსახურის ... მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე. ვინაიდან, სახეზე იყო ლ. შ-ძის მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მისი სამსახურის ..., რომლის მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შენიშვნის სახით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამგებელი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და უარი ეთქვა მას დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ვ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ი. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 15 ივლისის ¹191 ბრძანებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ... ი. ვ-ძეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – შენიშვნა, მიცემული დავალების შეუსრულებლობის გამო ( ტ.1 ს.ფ. 46) და აღნიშნული ბრძანება ი. ვ-ძეს სადავოდ არ გაუხდია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა 2009 წლის სექტემბრის თვის სამუშაო გეგმის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ... – ლ. შ-ძეს დაკისრებული ჰქონდა დაბა ხარაგაულის სკოლებში და სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და საკომუნიკაციო სისტემით მომსახურების არსებული მდგომარეობის შესწავლა და ინფორმაციის წარმოდგენა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹177 ბრძანებით დაევალა თითოეულ პასუხისმგებელ პირს დავალების შესრულებაზე ინფორმაციის წარდგენა, კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაეკისრა აპარატის უფროსს - ნ. მ-შვილს (ს.ფ. 66-68).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბრძანების შესაბამისად ლ. შ-ძის მიერ დავალების შესრულებაზე კონტროლი ევალებოდა აპარატის უფროსს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის (ტ.1. ს.ფ. 33) ისე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების მე-5 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული და მის დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა, მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია, კონტროლი ამ ობიექტებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე წარმოადგენს ამ სამსახურის უფლება-მოვალეობებს, შესაბამისად, ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურის ... ვალდებულია, უზრუნველყოს სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია და პასუხს აგებს სამსახურის მონაცემების და ფუნქციების შესრულებაზე, ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას (ტ.1. ს.ფ. 58-65). ამდენად, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელია უშუალოდ სამსახურის ..., სამსახურის იმ პასუხისმგებელ პირთან ერთად, რომელსაც უშუალოდ ევალება კონკრეტული ამოცანის შესრულება, რომელზეც კონტროლი და კოორდინაციის ვალდებულება აკისრია სამსახურის ....
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლოა აპელანტის მსჯელობა, რომ გამგებლის 27.08.2009წ. ¹177 რძანების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო გამგეობის აპარატის უფროსი და რომ სწორედ მას უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა ლ. შ-ძის მიერ დავალების არაჯეროვნად შესრულებაზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მითითებული ბრძანების თანახმად, აპარატის უფროსს ევალებოდა კონტროლი მხოლოდ დავალების შემსრულებლების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე, ვინაიდან დავალება ეხებოდა გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაკებს და ფიზიკურად შეუძლებელია მათზე ერთი პირის მიერ კონტროლის გაწევა.
ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მსჯელობა, რომ მას არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა და რომ არ არსებობდა დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლები ლ. შ-ძის მიერ 2009 წლის სექტემბრის თვის გეგმით გათვალისწინებული დავალების შესრულებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის სექტემბრის თვის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო ... – ლ. შ-ძეს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹215 ბრძანებით დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – შენიშვნა და აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. შ-ძეს სადავოდ არ გაუხდია (ტ.1. ს.ფ. 45). ანუ, აღიარებული და დადასტურებულია დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება ლ. შ-ძის მიერ შესრულებული დავალების ხარისხს, აღსანიშნავია, რომ რაიონის გამგებლის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათით (ტ.1 ს.ფ. 69-78) ... თითოეულ სკოლასთან მიმართებაში შემოიფარგლა მწირი ინფორმაციით და ფაქტების კონსტატაციით, რომ “სკოლა მარაგდება წყლით, ელექტროენერგიით, სანიტარული ნორმები დაცულია”; ან “წყალი და ელექტროენერგია მიეწოდება განრიგით, დაუცველია სანიტარული ნორმები, გააჩნიათ ან არ გააჩნიათ საკომუნიკაციო საშუალებები – მაგთიკომის ტელეკომის აპარატი”, მაშინ როდესაც ... გამგებლის ბრძანებით ერთი თვის სამუშაო გეგმის სახით დავალებული ჰქონდა დაბის სკოლებში სანიტარული ნორმების დაცვის, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და საკომუნიკაციო სისტემებით მომსახურების არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა. რიგ შემთხვევაში ... დაეყრდნო მხოლოდ სკოლის ხელმძღვანელის მიერ მიწოდებულ არარსებულ ინფორმაციას, მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციით, რაც სიტყვა სიტყვით აისახა გამგებლის სახელზე შედგენილ ლ. შ-ძის მოხსენებით ბარათში, ისე, რომ თვით ... არ დაინტერესებულა და ადგილზე არ შეუმოწმებია არსებული ვითარება. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობები და დასკვნები წამყვანი სპეციალისტის მიერ გაწეული მუშაობის არაჯეროვნად შეფასებასთან დაკავშირებით, რადგან წარდგენილი ინფორმაცია არ შეიცავს საჭირო მონაცემებს სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მსჯელობა, რომ ლ. შ-ძის მიერ დავალების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაშიც მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა შეუსაბამოდ მკაცრია, მისი წარსულის და გაწეული საქმიანობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ აპელანტის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისიმგებლობის ღონისძიება, მიცემული დავალების შეუსრულებლობისათვის, ასევე, შრომის შინაგანაწესის დარღვევის და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ამავე სამსახურის ყველა თანამშრომლის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რაც ადასტურებს იმ გარემოებებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელი ვერ უზრუნველყოფდა დებულებით მისთვის დაკისრებული სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას, კოორდინაციას და კონტროლს სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების და ფუნქციების შესასრულებლად.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მსჯელობა, რომ დისციპლინურ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას დაშვებული დარღვევები წარმოადგენს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან დაინტერესებული პირი არ იყო მიწვეული და არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა თავისი მოსაზრება მის მიმართ წამოყენებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი ბათილად (უკანონოდ) ცნობის საკითხები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-ამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადაო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99.2 მუხლის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისიმერი სხვა ზომა, ასევე ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევას და არც ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ვინაიდან არც სასარჩელო განცხადებაში, არც პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას ი. ვ-ძეს არ მიუთითებია ისეთ არსებითი ხასიათის გარემოებებზე, როლებიც განაპირობებდნენ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დისციპლინური ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას არსებითი ხასიათის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა ადმინისტრაციულ წარმოებაზე მისი მიუწვევლობის და სადაო საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლების არ მიცემის გამო სადაო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ვ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლები, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ორგანოს, ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმიისტრაციულ სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა და ამ აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
კასატორის აღნიშვნით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი თანამდებობის პირის მიერ არ მოხდა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინება და მისადაგება მისაღებ გადაწყვეტილებასთან, არ მოხდა კანონით განსაზღვრული პროპორციის დაცვა. კასატორის აზრით, სახელმწიფო ან ადგილობრივი ინტერესი დარღვეული არ ყოფილა, ზიანი არავის არ მიდგომია, არ მომხდარა დაფიქსირება იმ გარემოებისა, რომ შესრულებულ სამუშაოში მოყვანილი ფაქტები არ ასახავდნენ რეალობას.
კასატორი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს ობიექტური ნების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოეხდინა შედარება ზემოაღნიშნული კანონის ნორმებიდან გამომდინარე: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეული ქმედება, რეალურად წარმოადგენდა თუ არა დისციპლინურ გადაცდომას; რა საჯარო ინტერესი არსებობდა საერთოდ და ფაქტით დამდგარი შედეგი აღემატებოდა თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით მისთვის კანონით დაცულ უფლებებსა და კანონიერი ინტერესებისათვის მიყენებულ ზიანს; გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რამდენად პროპორციული იყო კერძო და საჯარო ინტერესთა თანაფარდობა.
კასატორის აღნიშვნით, მის მიმართ არსებული ერთადერთი ბრალდება ისაა, რომ ლ. შ-ძემ დავალება შეასრულა არასათანადოდ, ხოლო მან ვერ შეძლო მისი გადამოწმება. მიუხედავად ამისა, ლ. შ-ძე ამჟამად აგრძელებს მუშაობას, ხოლო იგი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა მისი ქმედებების გამო, რაც კასატორის აზრით, წარმოადგენს სამსახურებრივ დევნას არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, არამედ მისი პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ვ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹218 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ხარაგაულის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ... ი. ვ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მოტივით. სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დავის საგანი – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. სარჩელი აღძრულია იმავე საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს შემოწმდეს ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო არ უარყოფს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის თაობაზე განვითარებულ მსჯელობას და ადასტურებს, რომ წინამდებარე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა.
უდავოა, რომ ი. ვ-ძის მიმართ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 15.07.09წ. ¹141 ბრძანებით გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება-შენიშვნა. რაც მხარეს არ გაუსაჩივრებია და რის შედეგადაც ფაქტი გადაცდომის არსებობის თაობაზე იძენს უდავო ხასიათს.
ამდენად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 27.10.2009წ. ¹218 სადავო ბრძანება აფიქსირებს გადაცდომის მე-2 შემთხვევას, რაც იძლევა ზემოაღნიშნული 99.2 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. თუმცა, იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მხოლოდ ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით შემოწმებას და თვლის, რომ დავის არსებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა ცალსახა მითითებას გამგებლის დისკრეციაზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციის ფარგლებში, სასამართლოს მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს სწორედ იმ საკითხის განსაზღვრა, მოხდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს (გამგებლის) მხრიდან ამ უფლების კანონიერების ფარგლებში გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლს ეძლევა ფორმალური ხასიათი, რაც გამორიცხავს თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დისკრეცია ადმინსტრაციულ ორგანოს არ აძლევს უფლებას მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული წესების უარყოფით და ვერ გაიზიარებს სასამართლოთა მითითებას გამგებლის მხრიდან სადავო აქტის გამოცემისას მითითებული წესების დაცვის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, უფრო მეტიც, მითითებული ნორმა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და დაუშვებლად მიიჩნევს აქტის მიღებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შესახებ და თვლის, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ შემდეგ მტკიცებულებებზე: საქმეში ტ.2. ს.ფ. 19 წარმოდგენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი, რომელშიც მითითებულია, რომ ... ლ. შ-ძის მიერ დავალებული საკითხი შესწავლილია ადგილზე მიუსვლელად დაგზავნილი კითხვარების საფუძველზე და მოკვლევა წარმოებულია მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რაც, დოკუმენტის ავტორს მიაჩნია მიზაშეუწონლად.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული აქტის ფორმას და თვლის, რომ ამ სახით წარმოებული დოკუმენტი არ პასუხობს საქმისწარმოების ელემენტარულ მოთხოვნებს, არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს, არ შეიცავს არგუმენტაციას, არ ატარებს ინფორმაციულ თუ ანალიტიკურ შინაარსს, რის გამოც ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული წარმოების კომპონენტად.
საყურადღებოა, რომ მითითებული აქტი დათარიღებულია 2009 წლის 27 ოქტომბრით. იმავე რიცხვითაა დათარიღებული სადავო გადაწყვეტილება ი. ვ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც უდავოს ხდის, რომ დამატებით წარმოებას ადგილი არ ჰქონია და ერთადერთი მასალა, რომელიც გასაჩივრებულ აქტს დაედო საფუძვლად, არის ზემოაღნიშნული ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე სკოლის დირექტორების გამარტებაზე, ანუ იმ მტკიცებულებაზე, რომელზე დაყრდნობითაც ადმინისტრაციული ორგანო ცდილობს დაასაბუთოს, რომ მისი მხრიდან დაცულია ადმინისტრაციული წარმოება.
ტ. II, ს.ფ. 83 წარმოდგენილია სსიპ ხარაგაულის ¹2 დაწყებითი, საბაზო, საშუალო სკოლის დირექტორის 2009 წლის 9 დეკემბრის პასუხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი. წერილი გაგზავნილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის იმავე რიცხვის მიმართვის პასუხად. იმავე რიცხვში, იმავე მიმართვის პასუხად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ინფორმაციას აგზავნის ასევე ხარაგაულის ¹3 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია სადავო აქტის გამოცემის შემდგომ, შესაბამისად აღნიშნული ვერ ჩაითვლება გამგებლის მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებად, რამდენადაც ეს უკანასკნელი ადმინისტრაციული ორგანოს ავალებს აქტი გამოსცეს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე და არა პირიქით.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ გამგებელმა ი. ვ-ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, გადაწყვიტა ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევით. გამგებელმა ისე გაათავისუფლა კასატორი სამსახურიდან, რომ არ გამოუკვლევია, რეალურად არსებობდა თუ არა გადაცდომის ფაქტი და გადაცდომა ჩაიდინა თუ არა მითითებულმა პირმა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ადმინისტრაციული წარმოების არ არსებობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა კასატორის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო არასაკმარის მოტივად მიიჩნევს მითითებას იმის თაობაზე, რომ ი. ვ-ძისადმი დაქვემდებარებულმა პირმა არაჯეროვნად შეასრულა მიცემული დავალება. ასეთ პირობებში სავალდებულოა, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაამტკიცოს, რომ კონკრეტული დავალების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო უშუალოდ იმ პირის ქმედებით (მოქმედებით ან უმოქმედობით) რომელსაც შეერაცხა გადაცდომის ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება საკითხს, ლ. შ-ძემ სრულყოფილად შეასრულა თუ არა დავალება, აღნიშნული არ წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს და ამდენად მისი შეფასება არ შედის საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბასისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების დარღვევით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს, საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ი. ვ-ძესთან მიმართებაში მიიღოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი. ვ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნას ცნობილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹218 ბრძანება და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდგომ ი. ვ-ძესთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
4. ი. ვ-ძეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2009 წლის 27 ოქტომბრიდან ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.