ბს-684-662(კ-10) 24 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 9 სექტემბერს ნ. ტ-ძემ და თ. ა-ოვამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმიისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და შესაბამისად საკუთრების მოწმობის გაცემა.
2009 წლის 18 სექტემბერს ნ. ტ-ძემ და თ. ა-ოვამ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხედ ქ. თბილისის მერიის ნაცვლად დაასახელეს ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ტ-ძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ, თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება (ოქმი ¹44), რომლითაც უარი ეთქვა ნ. ტ-ძესა და თ. ა-ოვას საკუთრების უფლების აღიარებაზე და ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას განცხადების განხილვისას შესაბამისი გარემოებების შესწავლა, შეფასება და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ტ-ძემ და თ. ა-ოვამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრათ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორებს ჩაჰბარდათ 2010 წლის 31 მაისს.
2010 წლის 9 ივნისს ნ. ტ-ძემ და თ. ა-ოვამ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ არიან უმუშევრები, ნ. ტ-ძე არის ფეხმძიმე და დამატებით არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივისის განჩინებით ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად 5 დღით.
აღნიშნული განჩინება კასატორებს ჩაჰბარდათ 2010 წლის 16 ივნისს.
2010 წლის 17 ივნისს ნ. ტ-ძემ და თ. ა-ოვამ კვლავ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობები, რომლითაც ტ. ტ-ძის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 69690, ხოლო თ. ა-ოვას ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 71130 და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკიმენტაციით.
რაც შეეხება საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით ,,სოციალური დახმარების შესახებ”, რომლის მე-2 თავის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახებს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.
ამავე დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა არის 57001.
კასატორების – ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობები, რომლის თანახმად, ნ. ტ-ძის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 69690, ხოლო თ. ა-ოვას ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 71130, რაც აღემატება ზემოაღნიშნული დებულებით განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას. ასევე, კასატორების მიერ არ იქნა წარმოდგენილი მათი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების – ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილეს და საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორების – ნ. ტ-ძისა და თ. ა-ოვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.