Facebook Twitter

ბს-689-667(კ-10) 8 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ნ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 3 ივლისს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ნ-ძემ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის თანხის ანაზღაურების დაკისრება 1112 ლარის ოდენობით, ასევე საადვოკატო და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის სახით 1112 ლარის, სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების სახით – 44,48 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თ. ნ-ძის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით თ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის ოდენობით). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად თ. ნ-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2010 წლის 31 მაისს.

2010 წლის 8 ივნისს თ. ნ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი არის უმუშევარი და განიცდის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით თ. ნ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.

2010 წლის 21 ივნისს თ. ნ-ძემ კვლავ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ ამჟამად მიმდინარეობს მისი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისად, წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით თ. ნ-ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა.

2010 წლის 9 ივლისს თ. ნ-ძემ კვლავ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ ჯერ არ შემოწმებულა მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით თ. ნ-ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა.

2010 წლის 16 აგვისტოს თ. ნ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ მოტივით, რომ არ გააჩნია არანაირი სახის შემოსავალი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადასახდელად და ასევე, ვერ ახერხებს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენას, ვინაიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სოციალური მომსახურების ცენტრს მისი განცხადების განხილვის შედეგი არ უცნობებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაიბარა 2010 წლის 6 აგვისტოს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 23 აგვისტოს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზის გამოსწორების ნაცვლად კვლავ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.