ბს-706-683(კ-10) 16 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ო-ოვას განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-706-683(კ-10) ლ. ო-ოვას საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ლ. ო-ოვას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის შესასწორებლად კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ.).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი კასატორმა ნაწილობრივ შეავსო, 2010 წლის 17 ივნისს კასატორმა მიმართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2010 წლის 11 ივნისის ცნობა, რომლის თანახმად ლ. ო-ოვა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა-49260 და იღებს შემწეობას 138 (ასოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით. თუმცა ხარვეზის შევსების მიზნით მას არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზის მითითებით 3 (სამი) ასლითურთ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ. ო-ოვას გაუგრძელა 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 დღით და დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზების მითითებით.
2010 წლის 8 ივლისს კასატორის _ ლ. ო-ოვას მიერ ხარვეზის შესების მიზნით წარმოდგენილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომელშიც განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის მიერ ხარვეზი შევსებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ო-ოვას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელს _ ლ. ო-ოვას საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. მეტიც, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ. ო-ოვას სსსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ხარვეზის შევსების მიზნით გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით /იხ.ს.ფ. /.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, კასაციის მიზეზები (მოტივები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ო-ოვას მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნა შევსებული საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, რამდენადაც ნაცვლად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა, რომლის წარმოდგენაც დაევალა კასატორს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით, ლ. ო-ოვას მიერ წარმოდგენილია განცხადება კასაციის მიზეზების (მოტივების) მითითების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ო-ოვას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ო-ოვას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.