Facebook Twitter

ბს-711-298(კ-05) 29 სექტემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კასატორები – დ. ხ-ია (ვ. ხ-იას უფლებამონაცვლე) და ზ. ფ-ავა (თ. შ-იას უფლებამონაცვლე); წარმომადგენელი – მ. ს-უა;

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს ,,...”; ზუგდიდის რაიონის გამგეობა;

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 აპრილის განჩინება

დავის საგანი – საკასაციო საჩივარზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 4 ივნისს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობისა და თანამოპასუხე ვ. ხ-იას მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1995 წლის 6 ივნისის ¹320 განკარგულების ბათილად ცნობას, შპს ,,...” მიწის ნაკვეთის დაბრუნებასა და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ვერცხლის ნაწარმის შემკეთებელი ჯიხურის აღებას.

იმავე სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართეს ვ. ხ-იამ და თ. შ-იამ, რომლითაც მოითხოვეს ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1980 წლის 24 ოქტომბრის ¹256 განკარგულების ბათილად ცნობა, საქმინხილწყლის ხელმძღვანელობის მიერ 1980-83 წლებში განხორციელებული მშენებლობის უკანონოდ ცნობა, კაფე ,,...” ფუნქციონირების შეწყვეტა და ჯიხურის აღების შესახებ ვ. ხ-იას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების ბათილად ცნობა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,...” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1992 წლის 6 ივნისის ¹320 განკარგულება. შპს ,,...” დაუბრუნდა ვ. ხ-იას კუთვნილი ვერცხლის ნაწარმის შემკეთებელი ჯიხური; ვ. ხ-იასა და თ. შ-იას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ხ-იამ და თ. შ-იამ.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 აპრილის განჩინებით ვ. ხ-იასა და თ. შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ხ-იამ და თ. შ-იამ.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ვ. ხ-იასა და თ. შ-იას საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება, გარდაცვლილი თ. შ-იას საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2010 წლის 24 მაისს ა/წ გარდაცვლილი თ. შ-იას წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ა/წ გარდაცვლილი თ. შ-იას პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარებულ იქნა მისი მეუღლე – ზ. ფ-ავა და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით ვ. ხ-იასა და თ. შ-იას საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება და თ. შ-იას უფლებამონაცვლედ დადგინდა ზ. ფ-ავა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით ვ. ხ-იასა და ზ. ფ-ვას (თ. შ-იას უფლებამონაცვლეს) საკასაციო საჩივარზე კვლავ შეჩერდა საქმის წარმოება, ამჟამად გარდაცვლილი ვ. ხ-იას საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2010 წლის 2 აგვისტოს ა/წ გარდაცვლილი ვ. ხ-იას წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ა/წ გარდაცვლილი ვ. ხ-იას პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარებულ იქნა მისი მეუღლე – დ. ხ-ია და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ვ. ხ-იასა და ზ. ფ-ავას (თ. შ-იას უფლებამონაცვლეს) საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება და ვ. ხ-იას უფლებამონაცვლედ დადგინდა დ. ხ-ია.

2010 წლის 29 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე კასატორების –დ. ხ-იასა (ვ. ხ-იას უფლებამონაცვლისა) და ზ. ფ-ავას (თ. შ-იას უფლებამონაცვლის) წარმომადგენელმა მ. ს-უამ შუამდგომლობით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო დ. ხ-იასა (ვ. ხ-იას უფლებამონაცვლისა) და ზ. ფ-ავას (თ. შ-იას უფლებამონაცვლის) წარმომადგენლის მ. ს-უას განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დ. ხ-იასა (ვ. ხ-იას უფლებამონაცვლის) და ზ. ფ-ავას (თ. შ-იას უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორების – დ. ხ-იასა (ვ. ხ-იას უფლებამონაცვლის) და ზ. ფ-ავას (თ. შ-იას უფლებამონაცვლის) წარმომადგენელმა უარი განაცხადეს რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შემდეგაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლზე და განმარტავს, რომ მითითებულ მუხლს საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, პირის შესაძლებლობა, განკარგოს საკუთარი პროცესუალური უფლებები.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა მ. ს-უას უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი და მიიჩნია, რომ აღნიშნული შედგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ მარწმუნებლების მიერ გაცემული მინდობილობა შეიცავს სპეციალურ მითითებას მ. ს-უას უფლებამოსილების თაობაზე, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დააკმაყოფილოს დ. ხ-იასა (ვ. ხ-იას უფლებამონაცვლისა) და ზ. ფ-ავას (თ. შ-იას უფლებამონაცვლის) წარმომადგენლის მ. ს-უას შუამდგომლობა და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება. აქვე საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლზე მითითებით განუმარტავს მხარეებს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ხ-იას (ვ. ხ-იას უფლებამონაცვლისა) და ზ. ფ-ავას (თ. შ-იას უფლებამონაცვლის) წარმომადგენლის - მ. ს-უას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. დ. ხ-იასა (ვ. ხ-იას უფლებამონაცვლისა) და ზ. ფ-ავას (თ. შ-იას უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. კასატორებს განემარტოთ, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ იგივე გადაწყვეტილება საკასაციო წესით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.