Facebook Twitter

ბს-717-693(კ-10) 19 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. და მ. ა-იების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 1 ოქტომბერს ლ. მ-იამ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 3-13).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ე. ა-ია და ქ. ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სასახური (იხ. ს.ფ. 35-37).

ლ. მ-იას სარჩელი არ ცნო მესამე პირმა _ ქ. ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა (იხ. ს.ფ. 50-57).

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების, ე. და მ. ა-იებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ლ. მ-იას სახელზე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების შესახებ (იხ. ს.ფ. 61-62).

ლ. მ-იას სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო მესამე პირმა – ე. ა-იამ (იხ. ს.ფ. 71-78).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ა-ია (იხ. ს.ფ. 86-87).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 185-191).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-იამ და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 197-208).

ლ. მ-იას სააპელაციო საჩივარი არ ცნეს მ. და ე. ა-იებმა (იხ. ს.ფ. 233-239; 241-248).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. მ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 1 სექტემბრის ¹882009065875 გადაწყვეტილება და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ. ს.ფ. 282-299).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. და მ. ა-იებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 1 სექტემბრის ¹882009065875 გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილში (იხ. ს.ფ. 315-322).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის განჩინებით ე. და მ. ა-იების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 371-372).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, რომელმაც მოითხოვა ე. და მ. ა-იების საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 384).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. და მ. ა-იების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ ე. და მ. ა-იების საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ე. და მ. ა-იების მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ე. და მ. ა-იების საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. და მ. ა-იების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ მ. ა-იას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი წარმომადგენლის _ მ. ა-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი, რამდენადაც კასატორი – ე. ა-ია საქმეში წარმოდგენილი საპენსიო მოწმობის თანახმად, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი (იხ. ს.ფ. 323) და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნულის შესაბამისად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განჩინების საფუძველზე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა მხოლოდ კასატორ მ. ა-იას მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. და მ. ა-იების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ მ. ა-იას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი წარმომადგენლის _ მ. ა-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.