ბს-72-71(2კ-11) 14 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
«...» თბილისის წარმომადგენლობამ სარჩელით (საარბიტრაჟო პრეტენზიით) მიმართა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მოპასუხის, საქართველოს ფინანსთა სამიონისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა «საგადასახადო მოთხოვნის» ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამიონისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა მოითხოვა განსჯადობის წესების დაცვით საქმის გადაგზავნა საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალ უფლებამოსილ სასამართლოსათვის.
2005 წლის 23 აგვისტოს, ქვემდებარეობისამებრ, საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასმართლოს 2005 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე «...» თბილისის წარმომადგენლობის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა «...» თბილისის წარმომადგენლობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განჩინებით «...» თბილისის წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა «...» თბილისის წარმომადგენლობამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით «ბრითიშ ამერიკან ტობაკო ლიმიტედის» თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი «...» თბილისის წარმომადგენლობისათვის საგზაო ფონდის გადასახადის 367275 ლარის დაკისრების ნაწილში და საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინება, «...» თბილისის წარმომადგენლობისათვის საგზაო ფონდის გადასახადის 367275 ლარის დაკისრების ნაწილში და საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის უარის თქმის ნაწილში. «...» თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი «...» თბილისის წარმომადგენლობისთვის დღგ-ს 1735555 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინებით «...» თბილისის წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა «...» თბილისის წარმომადგენლობის მოთხოვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საგადასახდო შეტყობინებით დღგ-სთან დაკავშირებით დარიცხული სანქცია-საურავის 449776,05 ლარის ნაწილში ბათილად ცნობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელციო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით «...» თბილისის წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გაუქმდა გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საგადასახდო შეტყობინებით დღგ-სთან დაკავშირებით დარიცხული სანქცია საურავის 449776,05 ლარის ბათილად ცნობაზე უარის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საგადასახდო შეტყობინება დღგ-სთან დაკავშირებით 449776,05 ლარის ოდენობით დარიცხული სანქცია-საურავის ნაწილში და დაევალა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტს ამ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა შესაბამისი აქტი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.