Facebook Twitter

ბს-72-71(კ-10) 28 აპრილი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ვ-ძემ 04.06.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სამტრედიის განყოფილების მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღდგენის დავალება და როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირზე დახმარების გაუცემლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 18.08.09წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ვ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09წ. გადაწყვეტილებით ე. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 18.08.09წ. გადაწყვეტილება, ე. ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხოს გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სამტრედიის განყოფილების (სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის განყოფილება) 16.04.08წ. ოქმი საარსებო შემწეობის შეჩერების შესახებ და 23.04.09წ. ოქმი საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ, დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის განყოფილებას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და აუნაზღაუროს ე. ვ-ძეს საარსებო შემწეობის თანხა თვეში 30 ლარის ოდენობით 2008 წლის მაისიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდზე გაანგარიშებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.