Facebook Twitter

ბს-737-712(კ-10) 22 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 17 აგვისტოს ე. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 17 ივლისის ¹12/82409-7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

2009 წლის 7 სექტემბერს ე. ბ-ძემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 17 ივლისის ¹12/82409-7 ადმინისტრაციული აქტისა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2009 წლის 17 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების (ოქმი ¹144) ბათილად ცნობა და მოპასუხეების დავალდებულება, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ... შემაერთებელი გზის მიმდებარედ მდებარე 738 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

2009 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2009 წლის 17 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების (ოქმი ¹144) ბათილად ცნობა ე. ბ-ძის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, არასათანადო მოპასუხის, თბილისის მერიის ნაცვლად, საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაერთო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ე. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ე. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ჭ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ბ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ლ. ჭ-ძეს დაუბრუნდეს ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.