Facebook Twitter

ბს-738-713(კ-10) 16 ნოემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. ყ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს პარლამენტი

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ყ-იამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს პარლამენტისა და მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების - 765.00 ლარის ანაზღაურება და აღნიშნული თანხის ,,...” ბანკის კრწანისის ფილიალში ჩარიცხვა.

საქმის გარემოებები:

1992-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და არ მიუღია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის წლის X-XI-XII თვეების სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხა - 765.00 ლარი.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების თანახმად, კრედიტორთა რეგისტრაციის შემდეგ უნდა მიეღო აღნიშნული დავალიანება, რის თაობაზეც არაერთხელ მიმართა საქართველოს პარლამენტს, მაგრამ საკითხი გაუცემელი დავალიანების ანაზღაურებაზე არ გადაწყვეტილა.

მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 24 ივნისის ¹5780/3-1 წერილის საფუძველზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 1-14).

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მოსარჩელეს არ მიუთითებია.

მოპასუხე – საქართველოს პარლამენტმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხის განმარტებით, სადავო დავალიანება წარმოადგენს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხას და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა (იხ. ს.ფ. 26-34).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ყ-იას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

,,საქართველოს პარლამენტის წევრისის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს ეძლევა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ანაზღაურებაც.

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, შეთანხმებით შესაძლებელია გამოქვეყნებულ იქნეს 2008 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებანი, იმ პირობით რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებასა და ორგანიზაციას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავს ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისში სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, სამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტით მგზავრობისათვის, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან შეხვედრისას (გარდა სპეციალური მივლინებისა), სამედიცინო, სატელეფონო, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებისათვის, თანაშემწის აყვანისათვის, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისათვის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტამდე.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტორული დავალიანება არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას, ეს არის სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა, რაც წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და წარმოადგენს ხელფასზე დანამატს, ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 24 ივნისს ¹5780/3-1 ცნობას, სასამართლოს განმარტებით, მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს (იხ. ს.ფ. 48-52).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ყ-იამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, აღნიშნულ მუხლში ჩამოყალიბებულია ვალის აღიარების კონკრეტული ფორმები, თუმცა, ამასთან ერთად, ის იძლევა შესაძლებლობას, ვალის (მოთხოვნის) აღიარება სხვაგვარადაც მოხდეს. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მიერ გაცემული ცნობით არ ხდება ვალის აღიარება. მით უფრო რომ პარლამენტის მიერ 2009 წლის 24 ივნისს გაცემულ ¹5780/3-1 წერილში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში მასზე ირიცხება კრედიტორული დავალიანება 765.00 ლარი, აქედან საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 91,80 ლარს.

ასევე არამართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მის მიმართ არსებული დავალიანება არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას, იგი არის სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა, რომელიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო ვალდებულებიდან და წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულას, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, ვინაიდან, აპელანტის განმარტებით, “საქართველოს პარლამენტის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს, თუ რა ხარჯებს მოიცავს პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები (იხ. ს.ფ. 56-65).

მოწინააღმდეგე მხარემ – საქართველოს პარლამენტმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 77-85).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით ვ. ყ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასკვნები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 24 ივნისს გაცემული ¹5780/3-1 ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და მასში მხოლოდ კონსტანტირებულია დავალიანების არსებობის ფაქტი და არა მისი მომავალში ანაზღაურების ვალდებულება.

სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა წარმოადგენს რა ხელფასზე დანამატს, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით ამ სახის ვალდებულებებისათვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოსარჩელის მიერ გაშვებულია (იხ. ს.ფ. 101-105).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ყ-იამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება, იმავე მოტივებით რაზეც მიუთითებდა სარჩელში და სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ. 112-118; 137-139).

მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს პარლამენტმა მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ვ. ყ-იას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 147-150).

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მომართა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა ვ. ყ-იას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 151-152).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ვ. ყ-იას საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად (დივერგენტული კასაცია) (იხ. ს.ფ. 155-158).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ყ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ყ-იას სარჩელი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული – 765 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრის მოტივი _ განსახილველ დავაში, რამაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით შეიქმნა დივერგენტული კასაციის წანამძღვრები, ვინაიდან სახეზეა სააპელაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებული სამართლებრივი დასკვნა.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წანამძღვრების დადგენით განსაზღვრა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოს როლი და დანიშნულება: კონცეპტუალური სასამართლო, რომლის ფუნქცია გაცილებით მეტია, ვიდრე მართლმსაჯულების და სასამართლო კონტროლის განხორციელება.

საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი როლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის საფუძვლების განსაზღვრის წესებით შესაძლებელი უნდა გახდეს მართლმსაჯულების ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან ერთად ერთმანეთთან ჰარმონიაში მოიყვანოს ის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კასაციას:

_ ზოგადად, მართლწესრიგის დაცვა და მისთვის ხელის შეწყობა ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მეშვეობით და ამით სამართლებრივი სტაბილურობის შექმნა;

_ ცალკეულ შემთხვევებზე გადაწყვეტილებების სამართლიანობა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამი საფუძველი:

ა) აბსოლუტური კასაცია;

ბ) დივერგენტული კასაცია;

გ) პროცესუალური კასაცია;

დივერგენტული კასაციის მიზანს წარმოადგენს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის დაცვა გარკვეულ სამართლებრივი ნორმების განმარტებებისას. დივერგენტული კასაციის დაშვება ასევე ემსახურება სამართლებრივი ერთიანობის, სტაბილურობის და სამართლის თანასწორი გამოყენების დაცვას. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების (განსხვავებული სამართლებრივი შეფასება, განმარტება) მიღებამ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს გააზრებულად, შეგნებულად ხდება და ჯეროვნად არის დასაბუთებული (რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს განმარტება არასწორად მიაჩნია), შეიძლება ასევე ბიძგი მისცეს სამართლის შემდგომ განვითარებას. დივერგენტული კასაციის დაშვება ემსახურება სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს შორის იურიდიული დისკუსიის შედეგის მნიშვნელოვანი ხასიათის განსაზღვრას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ სამართლებრივ მოტივაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით ჩამოყალიბებული სამართლებრივი დასკვნების კრიტიკის თაობაზე, სასამართლოს არ დაუსაბუთებია დავის სხვაგვარი გადაწყვეტის სამართლებრივი სისწორე და გადაწყვეტილება არ ემყარება განსხვავებული სასამართლო ფილოსოფიას.

რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, არ არსებობს არანაირი წინაპირობა სააპელაციო სასამართლოს დასკვნის გასაზიარებლად და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაცვლელად.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394. ,,ე” მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი; სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა, რის გამოც გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შეცვლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის საფუძველზე პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას.

საქართველოს კონსტიტიციის 53-ე მუხლის მე-3 ნაწლის შესაბამისად, პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს.

,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის წევრის სტატუსი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირის კანონით განსაზღვრული პოლიტიკურ-სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მოიცავს დეპუტატის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესს და გარანტიებს, ამავე კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს.

,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით ცალკე თავი აქვს დათმობილი პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებას და სოციალურ უზრუნველყოფას, როგორც ამომრჩევლის პოლიტიკური ნების გამომხატველი - წარმომადგენლის მიერ კონსტიტუციური ფუნქციის დაუბრკოლებლად და შეუზღუდავად განხორციელების ერთ-ერთ გარანტიას, მათ შორის, 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს ეძლევა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავს ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისში სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, სამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტით მგზავრობისათვის, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის (გარდა სპეციალური მივლინებისა), სამედიცინო, სატელეფონო, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებისათვის, თანაშემწის აყვანისათვის, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისათვის.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტამდე.

საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი განეკუთვნება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის სახეს. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს პარლამენტი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, ხოლო მე-5 მუხლში ჩამოთვლილია საჯარო სამსახურის სახეები, მათ შორისაა - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. მოსარჩელე ვ. ყ-ია საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში წარმოადგენდა რა სახელმწიფო მოსამსახურეს, მასზე უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო. მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებლ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორცილდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებათა ფარგლებში.

ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხის პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად მიჩნევის თაობაზე და მასზე 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენება, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 128.3. მუხლის მიხედვით, სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ეს ვადა არის საერთო წესის განმსაზღვრელი, კოდექსი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო ხანდაზმულობის ვადებსაც, კერძოდ, ამავე კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, მათ შორის, მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე პერიოდული ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე.

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა არა კერძოსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე პერიოდული ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნა, არამედ, საჯარო სამართლებრივი, კერძოდ, კანონისმიერი მატერიალური უზრუნველყოფის ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა, ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რაც თვისობრივად კარდინალურად განასხვავებს მას კერძოსამართლებრივი ვალდებულებითი სამართალურთიერთობისგან.

მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნას საჯარო სამართლის ნორმატიული აქტები, სადავო სამართალურთიერთობას აწესრიგებს ადმინისტრაციული კანონმდებლობა, შესაბამისად საჯარო სამართლებრივი უფლების რეალიზაციისას დაუშვებელია გამოყენებულ იქნას კერძოსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით.

განსახილველი დავა არც ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან არ წარმოშობილა, არათუ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან, იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზეა წარმოშობილი (ამაზეა დამყარებული მოთხოვნა), მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი, ფუნქცია არჩევითი თანამდებობის კანონისმიერი გაგება გამორიცხავს სახელშეკრულებო შრომითი ურთიერთობის ხასიათს, შესაბამისად, არჩევითი თანამდებობის პირის სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გავრცელება ალოგიკურია. ამასთან, საქართველოს კონსტიტიციით, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლისა და ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.

ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მითითებული კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.

საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-20 მუხლის თანახმად წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთნ შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2010 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებანი, იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებასა და ორგანიზაციას. ასევე საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ - ვ. ყ-იას კასაციის მოტივს, რომ დაუსაბუთებელი და არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2009 წლის 24 ივნისის ¹5780/3-1 წერილის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის წერილად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველი სახის მტკიცებულება ინფორმაციული ხასიათისაა, რაკი ადასტურებს, აქარწყლებს ან უარყოფს რომელიმე კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ამდენად ინფორმაციულობა მტკიცებულების აუცილებელი ელემენტია, რადგან ასეთის გარეშე იგი არ მიიჩნევა მტკიცებულებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფასება, რომ კონკრეტული მტკიცებულება (ცნობა) ინფორმაციული ხასიათისაა, არ ათავსებს მას მტკიცებულებათა ბუნდოვან კლასიფიკაციაში “ინფორმაციული”, რომლის შინაარსი არ განაპირობებს იურიდიულ შედეგს. საკასაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მითითებული მტკიცებულება არ წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან დავალიანების არსებობის აღიარებას, ვინაიდან წარმოდგენილი ცნობის შინაარსში ნათლად და მკაფიოდ იკითხება, რომ ,,საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში ვ. ყ-იაზე ირიცხება კრედიტორული დავალიანება 765,00 ლარი, აქედან საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 91.80 ლარს (იხ. ს.ფ. 15). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ტექსტი შეუძლებელია გავიგოთ სხვაგვარად, თუ არა ასე, რომ საქართველოს პარლამენტს ვ. ყ-იას მიმართ გააჩნია მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის არსებული დავალიანება, რაც ოფიციალურად არის დაანგარიშებული და აღრიცხული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ყ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ვახტანგ ტოლბაიას სარჩელი დაკმაყოფილდეს, საქართველოს პარლამენტს ვ. ყ-იას სასარგებლოდ დაეკისროს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის – 675,00 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ვ. ყ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ყ-იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

საქართველოს პარლამენტს ვ. ყ-იას სასარგებლოდ დაეკისროს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხის - 675,00 ლარის ანაზღაურება;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.