Facebook Twitter

ბს-739-714(კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. თ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს პრეზიდენტი

მესამე პირი _ სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 30 აპრილს ნ. თ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის ¹194 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება და მოპასუხისათვის მისი საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ ბრძანებულების გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

2009 წლის 13 მაისს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის ¹194 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მისი საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ ბრძანებულების გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2009 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით, კანონით დადგენილი წესით განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის ¹194 განკარგულებით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 261-ე მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 6 იანვარს მოქალაქეობის არმქონე პირმა ნ. თ-იანმა საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 12 მარტის ¹280 დასკვნის თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ნ. თ-იანისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის ¹194 განკარგულებით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 261-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, ნ. თ-იანს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლები განისაზღვრებოდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლით, საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები და მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები კი ამავე კანონის 26-ე-261-ე მუხლებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის მიცემის საკითხს წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავდა და შესაბამის დასკვნას ამზადებდა სააგენტო, ხოლო ამავე კანონის 41-ე მუხლის თანახმად, დებულება ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის შესახებ” მტკიცდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ¹34 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის ¹637 ბრძანებულება და დამტკიცდა ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის შესახებ” ახალი დებულება, რომელიც 2009 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა. ხსენებული დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე, სააგენტო ვალდებული იყო მოქალაქეობის მიღებისათვის არსებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიემართა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებებისათვის.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2009 წლის 27 იანვრის ¹15/4/2/3-280 წერილით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ნ. თ-იანისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალურ სახეს წარმოადგენდა. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ გამოიყენებოდა სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2009 წლის 27 იანვრის ¹15/4/2/3-280 წერილში ასახულ უარყოფით პასუხს საფუძვლად დაედო გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, ამდენად სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დასკვნის გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად დადებული გარემოებები და დოკუმენტაცია.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის ,,ა” პუნქტის შინაარსში გამოიხატა კანონმდებლის ნება – საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებით აღჭურვის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით თანამდებობის პირს (ადმინისტრაციულ ორგანოს) ეძლეოდა შესაძლებლობა კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის ¹194 განკარგულება იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე იყო უსაფუძვლო, ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეობის მიცემის საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეჭრილიყო მოპასუხის დისკრეციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-იანმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით ნ. თ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-იანმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ ეთქვა უარი ნ. თ-იანს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით, მაშინ როდესაც ნ. თ-იანი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი და ადმინისტრაციული გადაცდომაც კი არასოდეს ჩაუდენია. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის მიხედვით კი პირის საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დანაშაულის ჩადენა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში მონაწილეობა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ დისკრეციული უფლებამოსილების საკითხს და ვერ დაასაბუთა თუ რაში გამოიხატებოდა ის მოსალოდნელი ზიანი, რომელიც სახელმწიფოს ნ. თ-იანისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით მიადგებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. თ-იანის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ნ. თ-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. თ-იანის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2009 წლის 6 იანვარს მოქალაქეობის არმქონე პირმა ნ. ზ. ძე თ-იანმა საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს (ტ. I, ს.ფ. 89). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2009 წლის 27 იანვრის ¹15/4/2/3-280 წერილით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ნ. თ-იანისათვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემა (ტ. I, ს.ფ. 95). სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 12 მარტის ¹280 დასკვნის თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ნ. თ-იანისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება (ტ. I, ს.ფ. 56). საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის ¹194 განკარგულებით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 261-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, ნ. თ-იანს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე (ტ. I, ს.ფ. 13).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოქალაქეობის მიცემის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელ მოქალაქეთაA და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე. ზემოხსენებული ორგანული კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადების და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს მაშინ, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას აქვს შესაძლებლობა, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონი. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის სწორი განმარტება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტზე და ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის ,,ა” პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიენიჭა დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს კანონის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლზე (განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, პირის საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დანაშაულის ჩადენა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში მონაწილეობა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ ფაქტს, რომ ნ. თ-იანი არც მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დანაშაულის და არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაულის ჩადენისათვის არ არის ნასამართლევი (ტ. I, ს.ფ. 94; ს.ფ. 107). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. თ-იანის საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმა უნდა განხორციელებულიყო არა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის, არამედ ამავე კანონის 33-ე და 37-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან, აღნიშნული ნორმების თანახმად, პრეზიდენტს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო რაც შეეხება 261-ე მუხლს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ნაწილობრივ ზღუდავს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან, მასში ჩამოყალიბებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი პირს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 6 ივლისს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის თანახმად, ცვლილება განიცადა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 261-ე მუხლმა და აღნიშნულ მუხლს დაემატა ,,გ” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე, თუ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, უფრო მეტად შეზღუდა საქართველოს პრეზიდენტისათვის ამავე კანონის 33-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია განკარგულების გამოცემის დროს არ არსებობდა ნ. თ-იანის საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 261-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 261-ე მუხლს დაემატა ,,გ” ქვეპუნქტი და საქმეში წარმოდგენილია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2009 წლის 27 იანვრის ¹15/4/2/3-280 წერილი ნ. თ-იანის საქართველოს მოქალაქედ მიღების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით (ტ.I, ს.ფ. 95), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის ¹194 განკარგულების ბათილად ცნობა უკვე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობას მხარისათვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. თ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. თ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.