Facebook Twitter
saqme #bs-888-822 (k-10)

ბს-741-707(კ-07) 25 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – თ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07 წ. განჩინება

დავის საგანი _ ურეხის თემის საკრებულოს გამგეობის 22.09.97 წ. ¹104 გადაწყვეტილების შესრულების დავალება და რეფორმით გათვალისწინებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

24.07.06 წ. თ. წ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მოპასუხის _ ურეხის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის მიმართ, რომლითაც ურეხის სოფლის საკრებულოს გამგეობის 22.09.97 წ. ¹104 გადაწყვეტილების შესრულება და რეფორმით გათვალისწინებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის ბაბუას ა. წ-ეს, რომელიც 1937 წ. იქნა რეპრესირებული, სოფელ ..... ტერიტორიაზე საკუთრებაში გააჩნდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა ნაგებობები. 1958 წლიდან ა. წ-ე რეაბილიტრებულია. .... სოფლის საკრებულოს გამგეობის 22.09.97 წ. ¹104 გადაწყვეტილებით მამა _ შ. წ-ე, მისი ოჯახის სრული შემადგენლობით, აღდგენილია კომლად და მასზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიკუთვნების საკითხი უნდა გადაეწყვიტა მიწის რეფორმის სოფლის და საკრებულოს კომისიას. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ურეხის საკრებულოს მიერ 23.12.99 წ. შედგა შემოწმების აქტი და დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა თუ რომელი მიწის ნაკვეთის გამოყოფა მიაჩნდა კომისიას მიზანშეწონილად. თ. წ-ე აღნიშნავს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება მან წლების განმავლობაში ვერ შეძლო. 27.06.06 წ. განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რ-ნის, ურეხის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას ურეხის სოფლის საკრებულოს გამგეობის 22.09.97 წ. ¹104 გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, რაზეც პასუხი არ მიუღია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.10.06 წ. გადაწყვეტილებით თ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ 1999 წ. შექმნილმა კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა მოსარჩელისათვის გარკვეული მიწის ნაკვეთის გამოყოფა და რჩევა მისცა ურეხის თემის საკრებულოს უახლოეს სარეფორმო კომისიის სხდომაზე განეხილათ აღნიშნული საკითხი. მოპასუხეს ეს საკითხი არ განუხილავს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არ მოითხოვს მოპასუხის დავალდებულებას უახლოეს სარეფორმო კომისიის სხდომაზე განიხილონ მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი, არამედ იგი ითხოვს შესრულდეს ურეხის თემის საკრებულოს 22.09.97 წ. ¹104 გადაწყვეტილება, რომელიც შესრულებულია (მოსარჩელის მამა მთელი ოჯახის შემადგენლობით აღდგენილია კომლად) და კომისიამ გამოუყოს მიწის ნაკვეთი. მიწის სარეფორმო კომისიას აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია, რაც მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ადგილობრივი მმართველობის ორგანო ღებულობს მიწის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. წ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატა მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 30.05.07 წ. ¹270 ბრძანებაზე, რომლითაც ურეხის საკრებულოს გამგეობის 22.09.97 წ. ¹104 გადაწყვეტილება ცნობილ იქნა არარა აქტად. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულმა ბრძანებამ საფუძველი გამოაცალა მოსარჩელის მოთხოვნას, ვინაიდან თ. წ-ე ითხოვდა ურეხის საკრებულოს გამგეობის 22.09.97 წ. ¹104 გადაწყვეტილების შესრულებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07 წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. წ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 30.05.07 წ. ¹270 ბრძანებას ისე მიანიჭა წინასწარ დადგენილი ძალა, რომ არ შეუფასებია, როგორც მტკიცებულება. კასატორი აღნიშნავს, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები კომლებს საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე. სარჩელის აღძვრა განაპირობა იმან, რომ მას მიწა არ გამოუყვეს, ხოლო სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება მოპასუხისთვის დაევალებინა მიწის ნაკვეთის გამოყოფა მიწის რეფორმის ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.12.07 წ. განჩინებით თ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრებით საქმის განხილვა. საკასაციო სასამართლოს 18.02.08 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება თ. წ-ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 30.05.07 წ. ¹270 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საკასაციო პალატის 11.05.11 წ. განჩინებით თ. წ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმისწარმოება, ვინაიდან აღარ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

24.05.11 წ. მოსარჩელე _ თ. წ-ის წარმომადგენელმა დ. დ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი დაეთანხმა კასატორის წარმომადგენლის განცხადებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მოსარჩელის _ თ. წ-ის წარმომადგენელის დ. დ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით. სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. წ-ის წარმომადგენელს ადვოკატ _ დ. დ-ეს 23.05.11 წ. გაცემული მინდობილობის საფუძელზე, (ძალაშია 2014 წლის 23 მაისამდე), მინიჭებული აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელზე უარის თქმით, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოხატა მარწმუნებლის _ თ. წ-ის ნება საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დისპოზიციურობიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე თავად განკარგავს თავის უფლებას. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურობის მიუხედავად სარჩელზე უფლება დისპოზიციურია, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა ქმნის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.

სსსკ-ის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07 წ. განჩინება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.10.06 წ. გადაწყვეტილება და თ. წ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. წ-ის წარმომადგენლის დ. დ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.07 წ. განჩინება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.10.06 წ. გადაწყვეტილება;

3. შეწყდეს თ. წ-ის სარჩელზე საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.