Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-744-719(2კ-10) 11 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. ვ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ შპს “...” და მესამე პირების – სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს”, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

2009 წლის 7 აპრილს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – დ. ვ-ძისა და შ. გ-ძის, მესამე პირების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიმართ.

მოსარჩელემ 2008 წლის 5 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის მიერ დ. ვ-ძის და შ. გ-ძის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქობულეთში, ... ქ. ¹...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, მშენებარე ობიექტის შენობა-ნაგებობის შპს “...” სახელზე რეგისტრაციის განხორციელება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიისათვის ქობულეთში, ... ქ. ¹...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6553 კვმ. მიწის ნაკვეთის შპს “...” საკუთრებაში გადაცემის დავალდებულება მოითხოვა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით, მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ქობულეთის რაიონილი სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 5 სექტემბრის დ. ვ-ძესა და შ. გ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება, ქობულეთში, ... ქუჩა ¹276-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6553 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის მიერ დ. ვ-ძისა და შ. გ-ძის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, ქ. ქობულეთში, ... ქუჩა ¹...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6553 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას ¹1-3/501 ბრძანების საფუძველზე, ქობულეთში, ... ქ. ¹...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6553 კვმ. მიწის ნაკვეთის შპს “...” საკუთრებაში გადაცემა დაევალა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ქობულეთში, ... ქ. ¹...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6553 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მშენებარე შენობა-ნაგებობის შპს “...” სახელზე რეგისტრაციის განხორციელება დაევალა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ვ-ძემ და შ. გ-ძემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დ. ვ-ძისა და შ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულების ნაწილში და ამ ნაწილში შპს “...” სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; დანარჩენ ნაწილში ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ვ-ძემ და შ. გ-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატისათვის დაბრუნება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 17 ივნისის განჩინებებით მიიჩნია, რომ დ. ვ-ძისა და შ. გ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივრებს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებებით დ. ვ-ძესა და შ. გ-ძეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების – 5%-ის, მაგრამ არანაკლებ – 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივლისის განჩინებით განუხილველი დარჩა შ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.

2010 წლის 9 ივლისს დ. ვ-ძემ ფოსტის მეშვეობით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი წარმოადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინებით კასატორს _ დ. ვ-ძეს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების _ 5%-ის, დარჩენილი თანხის _ 3453.5 ლარის გადახდის ქვითარი.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, ხელშეკრულების თანხა კი 75070 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც გამოთვლილი უნდა ყოფილიყო ამ თანხის 5%-ის შესაბამისად, რაც 3753,5 ლარს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, კასატორ _ დ. ვ-ძეს გადახდილი ქონდა სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, მას დამატებით უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების _ 5%-ის, დარჩენილი თანხა _ 3453.5 ლარი.

2010 წლის 2 აგვისტოს დ. ვ-ძემ ფოსტის მეშვეობით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატას და 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა. 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით დ. ვ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით; დ. ვ-ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის – 3453,5 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი დ. ვ-ძეს 2010 წლის 13 სექტემბერს ჩაბარდა. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 2010 წლის 18 სექტემბერს ამოეწურა, ხოლო ვინაიდან აღნიშნული დღე იყო უქმე დღე შაბათი, კასატორს ხარვეზის შევსების ვადა მომდევნო პირველი სამუშაო დღის 2010 წლის 20 სექტემბრის (ორშაბათი) ჩათვლით ჰქონდა. დ. ვ-ძემ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება დ. ვ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დ. ვ-ძის საკასაციო საჩივარზე დ. ვ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 401-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს დ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი;

2. დ. ვ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ დ. ვ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.