Facebook Twitter

ბს-768-762(კ-11) 30 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.11 წ. განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.10 წ გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.11 წ. განჩინებით ვ. მ-ს ხარვეზის შესავსებად მიეცათ ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღე. კასატორს უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითარი (დედანი). კასატორს განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ ხსენებული განჩინება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე 18.05.11 წ. ვ. მ-ის რძალმა _ მ. მ-მა ჩაიბარა. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, ვ. მ-ს სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა საცხოვრებელ ადგილას და იგი გადასაცემად ჩაიბარა რძალმა _ მ. მ-მა, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს ადრესატებისათვის ჩაბარებად. კასატორს განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მოუმართავს, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

27.05.11 წ. ნ. ნ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის გადახდის დანიშნულებად მითითებულია სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე, ვ. მ-ი, საქმე ¹ბს-768-762 (კ-11). ამავე თარიღით წარმოდგენილია ვ. მ-ის წარმომადგენლის ქ. უ-ის განცხადება, რომლითაც რწმუნებული ითხოვს ხარვეზი ჩაითვალოს შევსებულად, ვინაიდან უშუალოდ მას ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება არ ჩაბარებია, ხოლო კასატორი თბილისში არ იმყოფებოდა, განჩინების თაობაზე ვ. მ-ის ცნობილი გახდა 25 მაისს, ტელეფონის საშუალებით და მან დედაქალაქში დროულად ჩამოსვლა ვერ შეძლო ცნობილი მოვლენების გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის რწმუნებულის მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ვ. მ-ის მიერ 29.04.11 წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 25.05.11 წ. (ოთხშაბათი), სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 27.05.11 წ. ე.ი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით. ის გარემოება, რომ ვ. მ-ს განჩინების თაობაზე მხოლოდ 25.05.11 წ. საღამოს ეცნობა ტელეფონის საშუალებით და განჩინებით დადგენილ ვადაში მან ქ. თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო, არ ქმნის დაყენებული შუამდგომლობის გაზიარების საფუძველს, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნულს და სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევა მიეჩნია საპატიოდ. ამასთან, კასატორს 25.05.11 წ. ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით და ფოსტის მეშვეობით წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან ხარვეზის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა, რაც მას არ განუხორციელებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

27.05..11 წ. საკასაციო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო ვ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. ვ. მ-ს (საიდენტიფიკაციო ¹.....) დაუბრუნდეს მის მიერ 27.05.11 წ. ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.