ბს-773-748(2კ-10) 21 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს “...” დირექტორმა მ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა(იხ. ს.ფ. 2-11).
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 78).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ს.ფ. 133-137).
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 3 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა, 2006 წლის 3 ნოემბრის ბრძანება, 2006 წლის 28 ნოემბრის წერილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ.ს.ფ. 208-219).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 220-231).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 7-17, ტ. II)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით თელავის რეგიონალური ცენტრის და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 80-85, ტ. II).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 93-101).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 107-114, ტ. Iი).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინდა კასატორმა _ შემოსავლების სამსახურმა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარის _ შპს “...” წარმომადგენელმა თ. მ-ელმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის საფუძველზე არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ.ს.ფ.)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.