Facebook Twitter
ბს-776-751 (კ-10) 20 იანვარი, 2011წ

ბს-776-751 (კ-10) 20 იანვარი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ტ-ძემ 06.01.04 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ... თემის საკრებულოს, ზ. გ-შვილის, მესამე პირების _ გორის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროსა და გორის საჯარო რეესტრის მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე აწ გარდაცვლილი ნ. რ-ძის დანაშთ ქონებაზე, მდებარე, ... თემის საკრებულოში შემავალი მტკვარწყალმშენის დასახლება, ... მე-2 კმ, ბ. ¹9-ზე და 0,6 ჰა მიწის ნაკვეთზე ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ასევე ბინის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება მოითხოვა.

10.02.04 წ. ზ. გ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ნ. რ-ძის მიერ 08.1.92 წ. შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 13.04.04 წ. გადაწყვეტილებით ე. ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ... თემის საკრებულოს 10.07.03 წ. ¹267 და 16.07.03 წ. ¹267 და 268 ადმინისტრაციული აქტები და მათი ძალაში შესვლის დღიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები, კერძოდ გორის ტექაღრიცხვის ბიუროსა და გორის საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც აწ გარდაცვლილი ნ. რ-ძის ქონება აღიარებულ იქნა ზ. გ-შვილის სახელზე. ე. ტ-ძე ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი ნ. რ-ძის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ მის დანაშთ ქონებაზე, მდებარე, ... თემის საკრებულოში შემავალი მტკვარწყალმშენის დასახლება, თბილისის ... მე-2 კმ, ბ. ¹9-ზე და 0,6 ჰა მიწის ნაკვეთზე, დადგინდა, რომ ბინა გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარებოდა მოსარჩელეს, რაც აღირიცხოს გორის ტექაღრიცხვის ბიუროსა და გორის საჯარო რეესტრში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. გ-შვილმა, რომელმაც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.10.04 წ. განჩინებით ზ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 13.04.04 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 04.07.05 წ. გადაწყვეტილებით ე. ტ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ტ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.07 წ. საოქმო განჩინებით ... თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.08 წ. განჩინებით ე. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 04.07.05 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 23.12.08 წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა, ცალკე წარმოებად გამოიყო ე. ტ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ანდერძისმიერი მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ, აგრეთვე ზ. გ-შვილის შეგებებული სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე. სამოქალაქო საქმის განხილვა შეჩერდა ადმინისტრაციული დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.

საბოლოდ მხარეები ჩამოყალიბდნენ შემდეგნაირად: მოპასუხეები _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მესამე პირი _ ზ. გ-შვილი.

გორის რაიონული სასამართლოს 13.03.09 წ. გადაწყვეტილებით, ე. ტ-ძის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და გორის მუნიციპალიტეტის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ... თემის საკრებულოს 11.12.03 წ. ¹23-ე პასუხი, 10.07.03 წ ¹267 და 16.07.03 წ. ¹268 ცნობები, აგრეთვე ტექბიუროსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერები ზ. გ-შვილის სახელზე სადავო სახლის აღრიცხვის შესახებ, საჯარო რეესტრის გორის სარეგისტრაციო სამსახურს (როგორც ტექაღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლეს) დაევალა კანონმდებლობის საფუძველზე, უძრავი ქონების რეალური მესაკუთრის შესახებ დოკუმენტაციის გამოკვლევისა და საქმის გარემოებათა შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

გორის რაიონული სასამართლოს 13.03.09 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. გ-შვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.10 წ. განჩინებით ზ. Gგ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 13.03.09 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.10 წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. გ-შვილმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.10 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.