ბს-787-751(კ-09) 11 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი _ თ. ი-შვილი (2009 წლის 6 ნოემბრის ¹21/584/8-9 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს ,,...”, წარმომადგენელი _ რ. შ-ძე (2008 წლის 23 სექტემბერს გაცემული რწმუნებულება, სანოტარო აქტი ¹1-922)
დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, საიჯარო დავალიანების ანაზღაურება და ფართის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2003 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ,,...” (შპს ,,...”) მიმართ და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, მოპასუხისათვის საიჯარო დავალიანების გადახდის დაკისრება და მოპასუხის მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართის გამოთხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეწყდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და “...ის” თბილისის მე-3 წარმომადგენლობის შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ ი. გ-ძეს შორის 1996 წლის 22 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულება. მოპასუხე გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ...ის ქ.¹20-ში მდებარე საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული ფართიდან; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 7 057 აშშ დოლარისა და 6 ცენტის ექვივალენტური თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა 1996 წლის 22 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი, საიჯარო ქონების ღირებულების 25516 აშშ დოლარის 10%-ის, ანუ 2551,6 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში, ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად გადახდის ვალდებულება. ეს გარემოება ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტისა და 5.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელის მოთხოვნა ფართის გამოთხოვის ნაწილშიც საფუძვლიანად მიიჩნია.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა საქმის ხელახლა განმხილველ სააპელაციო სასამართლოსათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული “იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საიჯარო ხელშეკრულების განახლების, შეცვლის, შეწყვეტისა და გაუქმების საფუძვლები. ხელშეკრულების 5.4 პუნქტით, განსაზღვრულია, რომ საიჯარო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ხელშეკრულების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებანი. მართალია, 1996 წლის 22 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულებით არ არის დადგენილი, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით მხარის მიერ ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია დამატებით მიცემულ ვადაში, ან გაფრთხილების შემდგომ ვალდებულების შეუსრულებლობისას. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოიჯარის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სარჩელის წარდგენისას ეს წინაპირობები არ გაუთვალისწინებია. უზენაესი სასამართლოს განჩინების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით - თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007 წლის 7 მარტის თარიღით გაცემული წერილის თანახმად, მოიჯარის მიერ სრულად დაფარული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო ღირებულება და საიჯარო ქირა, რაც დასტურდებოდა აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საბანკო ქვითრებით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არსებითად შეცვლილი საქმის ეს ფაქტობრივი გარემოებები, საიჯარო დავალიანების დაფარვა და მეიჯარის მიერ მათი მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. მოსარჩელემ, თანხის გადახდით, ხოლო მოპასუხემ მისი მიღებით დაადასტურა შესაბამისი ურთიერთვალდებულების არსებობისა და მისი საფუძვლის – 1996 წლის 22 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულების ძალაში ყოფნის ფაქტი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორმა განმარტა, რომ 1996 წლის 22 ნოემბერს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და “...ს” თბილისის მე-3 წარმომადგენლობის შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹20-ში მდებარე “...ის” თბილისის მე-3 წარმომადგენლობაზე, საპრივატიზებო ღირებულებით 25516 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების თანახმად, “მოიჯარე” ვალდებული იყო, გადაეხადა საიჯარო ქირა 2551,6 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად, ქონების გამოსასყიდი თანხის 51% დაეფარა ერთ წელიწადში, ხოლო დარჩენილი ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობით გადაეხადა ყოვეწლიურად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 10 წლის განმავლობაში, 2006 წლის ნოემბრამდე.
კასატორი თვლის, რომ შპს “...ს” მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები, რაც გამოიხატა საპრივატიზებო და საიჯარო ქირის თანხების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევით და საბოლოო გამოსასყიდი თანხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადახდაში.
კასატორის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება ნათლად დასტურდება ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის მოხსენებითი ბარათიდან, რომელიც სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა. მოხსენებითი ბარათიდან ნათლად ჩანს, რომ მხარის მიერ წლების განმავლობაში (1999 წლიდან 2005 წლამდე) საერთოდ არ განხორციელებულა თანხების გადახდა. შპს “...მა” თანხების გადახდა განაახლა მხოლოდ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ხოლო საბოლოო საპრივატიზებო თანხა გადაიხადა 2007 წლის თებერვალში, როდესაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყო.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 7 მარტის წერილი, ვინაიდან აღნიშნული წერილიდან ნათლად ჩანს რომ საპრივატიზებო ღირებულება მხარის მიერ დაფარულია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ასევე არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1996 წლის 22 ნოემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და “...ის” თბილისის მე-3 წარმომადგენლობის შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის თბილისში, ...ის ქ. ¹20-ში მდებარე “...ის” თბილისის მე-3 წარმომადგენლობაზე გამოსყიდვის უფლებით გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება საპრივატიზებო ღირებულებით _ 25516 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების თანახმად, “მოიჯარე” ვალდებული იყო, გადაეხადა საიჯარო ქირა 2551,6 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად, ქონების გამოსასყიდი თანხის 51% დაეფარა ერთ წელიწადში, ხოლო დარჩენილი ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობით გადაეხადა ყოვეწლიურად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 10 წლის განმავლობაში, 2006 წლის 22 ნოემბრამდე (ტ. I, ს.ფ. 3-5). ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 7 მარტის ¹გ-178 წერილით დგინდება, რომ 1996 წლის 22 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო და საიჯარო ქირა დაფარული იყო სრულად, საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (ტ. I, ს.ფ. 84). ასევე საქმის განხილვისას წარმოდგენილ საპრივატიზაციო საქმეში არებული 2007 წლის 7 მარტის მოხსენებით ბარათში 1998 წლის 15 დეკემბერს გადახდილი 800 აშშ დოლარისა და საპრივატიზაციო თანხის 2004 წლის 3 დეკემბრის 2000 აშშ დოლარის გადახდა ასახული არ არის, ამასთან მოხსენებითი ბარათის ავტორი ადასტურებს, რომ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო ღირებულება და საიჯარო ქირა დაფარულია სრულად ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი. ამასთან საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებდა აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციაზე და თვლიდა, რომ შპს “...ს” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა გამოიხატა საიჯარო ქირისა და საბოლოო გამოსასყიდი თანხის ხელშეკრულების განსაზღვრული ვადების დარღვევით გადახდაში. საკასაციო სასამართლოში დავის განხილვისას კასატორმა დააზუსტა, რომ შპს “...ს” მიერ 1998 წლის 15 დეკემბერს 800 აშშ დოლარის საიჯარო ქირისა და 2004 წლის 3 დეკემბრის 2000 აშშ დოლარის საპრივატიზაციო ღირებულების გადახდა ასახული არ იყო მის ანგარიშზე, რის გამოც სადავო გახდა მოიჯარის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება.
თავის მხრივ, მართალია, შპს “...” სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საიჯარო ქირისა და საპრივატიზებო ღირებულების გადახდა ხდებოდა ხელშეკრულებით გაწერილი ვადების დარღვევით, მაგრამ კასატორის არგუმენტის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. შპს “...ს” განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ _ 2007 წელს თანხების (1392 აშშ დოლარისა და 1885 აშშ დოლარის) დამატებით გადახდა გამოიწვეულია 1998 წლის 15 დეკემბერს გადახდილი 800 აშშ დოლარისა (საიჯარო ქირის), ასევე 2004 წლის 3 დეკემბერს 2000 აშშ დოლარის (საპრივატიზაციო ღირებულების) მეიჯარის სადეპოზიტო ანგარიშზე მოუძიებლობითა და მეიჯარის მხრიდან გადახდილად ჩათვლილი თანხების დაჯამებისას ვალუტის კურსის ცვალებადობით.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ გადახდის დამადასტურებელ ქვითრებზე დაყრდნობით ადგენს, რომ შპს “...” როგორც საიჯარო ქირას, ისე ქონების გამოსასყიდ თანხას იხდიდა პერიოდულად. გარდა საიჯარო ქირის _ 1998 წლის 15 დეკემბერს გადახდილი 800 აშშ დოლარისა და საპრივატიზაციო ღირებულების _ 2004 წლის 3 დეკემბრის 2000 აშშ დოლარისა, კასატორი დარჩენილი თანხების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გადახდას სადავოდ არ ხდის. რაც შეეხება ამ უკანასკნელი თანხების გადახდას, აღნიშნულის დასადასტურებლად შპს “...ს” მიერ საქმეში წარმოდგენილია 1998 წლის 15 დეკემბრის ¹551234 ქვითარი, რომლითაც დგინდება “...ს” მიერ განხორციელდა საქართველოს ბანკის მეშვეობით მიმღების _ ქონების მართვის დეპარტამენტის ანგარიშზე 1560 ლარის გადახდა. აღნიშნულ ქვითარში თანხის შეტანის დანიშნულებად მინიშნებულია _ საიჯარო ქირა (ტ. I, ს.ფ. 17). საქმეში ასევე წარმოდგენილია 2004 წლის 3 დეკემბრის საგადასახადო დავალება ¹1 შემდეგი რეკვიზიტებით: გადამხდელის დასახელება _ ი. გ-ძე, მიმღების დასახელება _ ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველო, გადახდის დანიშნულება _ პრივატიზაციის გადასახადი (ტ. I, ს.ფ. 114). აღნიშნული ქვითრები, საქმის საკასაციო პალატაში განხილვისას, მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა დედნების სახით, რაც ხელმოწერილია შესაბამისი ბანკის ბუღალტრისა და მოლარის მიერ, ასევე დამოწმებულია ბანკის ბეჭდებით. წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებენ პირველ შემთხვევაში, “...ს” მიერ საიჯარო ქირის, ხოლო, მეორე შემთხვევაში, შპს “...ს” დირექტორის მიერ საპრივატიზაციო ღირებულების საბანკო დაწესებულების მეშვეობით გადარიცხვის ფაქტს. წარმოდგენილი საბანკო ქვითრები წარმოადგენენ სალაროში ნაღდი ფულის მიღების დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტებს, მათი უზუსტობა ან სიყალბე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ აღნიშნული საიჯარო ქირისა და საპრივატიზაციო ღირებულების გადახდა შპს “...ს” მხრიდან დადასტურებულია სათანადოდ, საბანკო ქვითრების მეშვეობით. მას როგორც გადამხდელს გააჩნდა საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდილი თანხები გადარიცხულ იქნებოდა შესაბამისი საბიუჯეტო დაწესებულების სადეპოზიტო ანგარიშზე. აღნიშნული თანხების მოუძიებლობა დღის წესრიგში დადგა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, რის გამოც მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას სათანადო წესით, ამასთან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოეხდინა გადარიცხვისას დაშვებული უზუსტობის გამოსწორება თუკი ასეთი იარსებებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის 2003 წლიდან მიმდინარეობს სასამართლო დავა იჯარის ხელშეკრულების გაუქმების, მოპასუხისათვის საიჯარო დავალიანების გადახდის დაკისრებისა და მოპასუხის მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართის გამოთხოვის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე ახდენდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პერიოდულად შესრულებას _ თანხების გადარიცხვას მოსარჩელის შესაბამის ანგარიშებზე, ხოლო მოსარჩელე იღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებას. სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია. საქმის მასალების მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მეიჯარე ახდენდა მოიჯარის მიერ შესაბამის ანგარიშებზე ჩარიცხული საიჯარო და საპრივატიზებო თანხების ე.ი. ვალდებულების შესრულების მიღებას. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა კასატორმა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას. ამდენად, ზემოთ აღნიშნული, საკასაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მოიჯარის _ შპს “...ს” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოხდა სადავოდ გამხდარი თანხების ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად, მეიჯარის საბანკო ანგარიშებზე შესაბამისი თანხების გადარიცხვით.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, როდესაც მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, თანხის გადახდით, ხოლო მოპასუხემ მისი მიღებით დაადასტურა შესაბამისი ურთიერთვალდებულების არსებობისა და მისი საფუძვლის – 1996 წლის 22 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულების ძალაში ყოფნის ფაქტი, რაც დავის გადაწყვეტისათვის ქმნიდა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების აუცილებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო შედავება, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 257-ე, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.