¹ბს-787-761(კ-10) 13 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი – ნ. ნ-ე, წარმომადგენელი თ. გ-ე (მინდობილობა 23.12.09წ. ¹........ )
მოწინააღმდეგე მხარე – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახური, წარმომადგენელი თ. გ-ე (მინდობილობა 15.03.2011წ., ¹....... ), ბ. რ-ე (მინდობილობა 29.03.2011წ., ¹...... )
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2010 წ. განჩინება.
დავის საგანი – არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმება, უფლებამონაცვლეობა, საქმის წარმოების შეწყვეტა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ც-ემ 18.02.08 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 27.12.08წ. ¹143 მიწერილობის და 07.02.08წ. ¹2 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ «სამშენებლო საქმიანობის შესახებ” და «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის შესახებ” კანონები, რომლის საფუძველზე გამოიცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, არ უნდა იქნეს გამოყენებული მის მიმართ, რადგან არავითარ მშენებლობას, მიშენება-დაშენაბას და საერთოდ სამშენებლო საქოანიბას მის საცხოვრებელ სახლზე ის არ აწარმოებდა. მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მოსარჩელის საკუთრებაში, «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის და საქართველოს პრეზიდენტის ¹525 ბრძანების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში 29.01.08წ., სადავო დადგენილების მიღებამდე, მის სახელზე აღირიცხა, უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია – საკუთრების უფლების 29.01.08წ. ¹....... მოწმობა, გაცემული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უკანონო მიშენება-დაშენების შედეგად აგებული შენობა ვერ იქნება პირის კანონიერი საკუთრება და პირიქით – სახელმწიფოს მიერ დაკანონებული შენობა-ნაგებობა ვერ იქნება უკანონო.
დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით გ. ც-ემ მოითხოვა არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის 03.03.08წ. ¹17 დადგენილების ბათილად ცნობა.
საქმეში დაცული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 29.01.08წ. გაცემული ¹....... საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, ქ. ქობულეთში, ........ გამზ. ¹.....-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ და შენობა-ნაგებობა 669,7 კვ.მ ფართობით საკუთრებაში გადაეცა გ. ც-ეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 27.12.07წ. ¹143 მიწერილობა ჩაბარდა მოსარჩელეს, რომლის თანახმად მას უნდა წარმოედგინა ქ. ქობულეთში, ....... გამზ. ¹......-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაცია, რაც არ შესრულდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ზედამხედველობის სამსახურის 07.02.08წ. @¹2 დადგენილებით, «სამშენებლო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახლმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 4,7 მუხლის «ვ.ა”, «გ” ქვეპუნქტების, 52 და 58 მუხლების საფუძველზე, ქ. ქობულეთში, ........ გამზ. ¹......-ში მცხოვრები მოქ. გ. ც-ე 2000 (ორი ათასი) ლარით დაჯარიმდა საცხოვრებელ სახლზე მესამე სართულისა და დამხმარე ნაგებობაზე მეორე სართულის ნებართვის გარეშე დაშენებისათვის, გ. ც-ე დაჯარიმდა აგრეთვე 500 (ხუთასი) ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის.
მოპასუხემ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნები არ ცნო და აღნიშნა, რომ გ. ც-ის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციაში საცხოვრებელ სახლზე და დამხმარე ნაგებობაზე წარმოებული დაშენებები არ იყო დაფიქსირებული, შესაბამისად იკვეთება საცხოვრებელ სახლზე, სამეზობლო მიჯნაზე არსებული ღიობების უკანონობა, ურბანიზაციის და მშნებლობის მინისტრის 18.09.01წ. ¹57 ბრძანებით დამტკიცებული წესის დარღვევა. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულება არ ითვალისწინებს იმ ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონდმებლობის მოთხოვნებს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 25.07.08წ. გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ 27.12.07წ. ¹143 მიწერილობა და 07.02.08წ. ¹2 დადგენილება გამოტანილია «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახლმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის უფროსის მიერ 03.0308წ. სწორედ ეთქვა გ. ც-ეს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ც-ის მიერ. გ. ც-ის 05.1108წ. გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეჩერდა, გ. ც-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მისი მეუღლე ნ. ნ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.03.2010წ. განჩინებით გ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში გ. ც-ე ვალდებული იყო მიეწოდებია სახლზე და დამხმარე ნაგებობებზე სართულის დაშენების ნებართვა და საპროექტო დოკუმენტაცია ან წარედგინა ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოში ლეგალიზების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შესახებ, რაც გ. ც-ეს არ განუხორციელებია. ზედამხედველობის სამსახური არ იყო ინფორმირებული, რომ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება უნებართვოდ დაშენებული სართულების ლეგალიზების შესახებ. ამასთანავე, განცხადება უნებართვოდ დაშენებულის ლეგალიზების შესახებ გ. ც-ეს უნდა წარედგინა პროექტის შემთანხმებლის და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში, კერძოდ ზედამხედველობის სამსახურში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ბრძანებულებით დამტკიცებული ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის 3.1 მუხლის შესაბამისად იღებდა გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. მხოლოდ აღნიშნული წესის შესაბამისად ობიექტის ლეგალიზების შესახებ დაწყებული წარმოება წარმოადგენდა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებული წარმოების შეჩერების საფუძველს ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე. გ. ც-ემ უნებართვოდ დაშენებულ სართულზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 29.01.08წ. გაცემული ¹...... საკუთრების უფლების მოწმობით უღიარა უფლება 1500 კვ.მ. ნაკვეთზე და 669,7 კვ.მ. საცხოვრებელ სახლზე. სადავო დადგენილების მიღების დროს მოქმედი «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახლმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 41.5 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოების შეწყვეტის საფუძველი იყო მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება სართულების ლეგალიზების შესახებ. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული სამართალდარღვევა დენადია, ჯარიმა დაკისრებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38.1 მუხლის შესაბამისად გამოვლენიდან ორი თვის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ც-ის უფლებამონაცვლის ნ. ნ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, მტკიცების ტვირთი უმართებულოდ მოსარჩელეზე იქნა გადატანილი. არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ჰქონდა უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოების დაწყებამდე დაკანონებულ საკუთრებაზე გაევრცელებია სანქციები. სასამართლომ არ გამოიყენა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» კანონი, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა წლების მანძილზე მოუგვარებელი უკანონო მიწების, უპროექტო და სხვა სამართლებრივი ხარვეზის მქონე უძრავი ქონების ლეგალიზება და საკუთრებად რეგისტრაცია. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ეწინააღმდეგება «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 25.2, 26.4 მუხლების მოთხოვნებს, ადმინისტრაციული ორგანოს უნდა დაესაბუთებია, რომ ოცი წლის წინ დასრულებულ საცხოვრებელ სახლზე მიშენება მხოლოდ ეხლა აღმოაჩინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო აქტით, კერძოდ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 02.02.08წ. ¹2 დადგენილებით გ. ც-თვის დაკისრებული თანხა წარმოადგენს საჯარიმო სანქციას სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ ნებართვის გარეშე საცხოვრებელ სახლზე მესამე სართულისა და დამხმარე ნაგებობაზე მეორე სართულის ნებართვის გარეშე დაშენებისათვის (2000 ლარის), აგრეთვე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწერილობის შეუსრულებლობისათვის (500 ლარი). საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ც-ის უფლებამონაცვლეს ნ. ნ-ეს რაიმე სამშენებლო სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, მას არ მოუხდენია ნებართვის გარეშე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის და დამხმარე ნაგებობაზე მეორე სართულის დაშენება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მის მიმართ არ გამოწერილა მიწერილობა. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენდა, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახლმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებს განიხილავენ მათი ხასიათის და სახეობის ფაქტობრივი და/ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებენ გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ სანქციების გატარების თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიწერილობა, შემოწმების აქტი, აგრეთვე 07.02.08წ. ¹2 დადგენილება შედგენილია გ. ც-ის მიმართ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია დაადგენილება დამრღვევის გ. ც-ის მიმართ სამართალდაღვევისათვის საჯარიმო სანქციის, კერძოდ 2500 ლარით დაჯარიმების შესახებ. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში სამართალდარღვევისათვის პასუხიმგებლობა დგება მხოლოდ იმ სუბიექტის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ვინაიდან სადავო აქტი შედგენილია კონკრეტული პირის – გ. ც-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გამო, რომელიც 23.10.08წ. გარდაიცვალა, სასამართლო თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობაში აწგარდაცვლილ გ. ც-ის უფლებამონაცვლედ ვერ იქნება მიჩნეული კასატორი ნ. ნ-ე. სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას საქმის ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე ვერ გადავა პირის სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები, აღნიშნული წარმოადგენს აღსრულების შეწყვეტის საფუძველს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 286.3 მუხლის თანახმად, იმ პირის გარდაცვალება, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება, არის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ დადგენილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე კოდექსის 232.9 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმის წარმოება. სადავო სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აწგარდაცვლილი მოსარჩელის გ. ც-ის მემკვიდრე ნ. ნ-ე არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობაში გ. ც-ის უფლებამონაცვლეს, სამშენებლო სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონმდებლობა (საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებით _ სკ-ის 57.4, 8.23 მუხ.) არ შეიცავს ასეთი უფებამონაცვლეობის დამდგენ ნორმას. სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქმედების ჩამდენ პირს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 29.08.1997წ. გადაწყვეტილება საქმეზე, AP, MP და თP შვეიცარიის წინააღმდეგ), სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის მემკვიდრის უფლებამონაცვლედ მიჩნევა, გარდაცვლილის მიერ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ჯარიმის გარდაცვლილის მემკვიდრისათვის დაკისრება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპს _ სამართალდარღვევისათვის ბრალის გარეშე პასუხიმგებლობის დაუშვებლობას, სხვისი ქმედების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების გამორიცხვას. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სახდელი – ჯარიმა არ წარმოადგენს მემკვიდრეობის ნაწილს, გარდაცვლილის ბრალეულობის მემკვიდრეობით მიღება არ დაიშვება. ამჟამად მოქმედი «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახლმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დაწყებული და მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონით დადგენილი წესით უნდა დასრულდეს, რომლის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ახალ მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს არა საჯარიმო თანხის გადახდა, არამედ დარღვევის გამოსწორება. ანალოგიურ ნორმას შეიცავდა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 5.3 მუხლი. მოცემულ შემთვევაში აწგარდაცვლილ გ. ც-ეს სამართალდარღვევისათვის დაეკისრა მხოლოდ ჯარიმის თანხა, რომელიც თავისი არსით არის ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი, სადავო აქტით გ. ც-ეს დამატებითი ვალდებულების სახით არ დაკისრებია მიშენების დემონტაჟი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის გარდაცვალება მოცემულ შემთვევაში იწვევს საქმის განხილვის პროცესუალური წინამძღვრების არ არსებობას. სასამართლო, დავის მხარეებისაგან დამოუკიდებლად, ამოწმებს სარჩელის ყველა საპროცესო წინაპირობის არსებობას, მხარის არ არსებობა ქმნის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისი 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუქნტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 25.07.08წ. გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2010წ. განჩინება და საქმის წარმოება გ. ც-ის სარჩელზე შეწყდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.