ბს-788-752(კ-09) 17 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – ლ. ც-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.09წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ც-ძემ 01.07.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის 1991 წელს მიწისძვრისგან დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი. საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ვალდებულია უსახლკაროდ დარჩენილ თითოეულ ოჯახზე გასცეს 5000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 5000 ლარის მოპასუხისთვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულების საფუძველზე 1991 წელს ჭიათურის რაიონში მიწისძვრით დაზარალებულ იმ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება 5000 ლარის ოდენობით, რომლებიც ცხოვრობდნენ რკინიგზის ვაგონებში. ლ. ჩ-ძის ოჯახი არ განეკუთვნებოდა აღნიშნულ კატეგორიას, შესაბამისად, მასზე დახმარების გაწევა ვერ განხორციელდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლ. ც-ძის სასარგებლოდ 5000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.09წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.12.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264 განკარგულების თანახმად საჩხერის რაიონში 221 და ჭიათურის რაიონში 61 უსახლკაროდ დარჩენილი და რკინიგზის ვაგონებში მცხოვრები ოჯახების საბინაო პრობლემების გადასაწყვეტად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო თითოეული ოჯახისთვის 5000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული განკარგულებით კომპენსაცია გამოეყო მხოლოდ რკინიგზის ვაგონებში განთავსებულ დაზარალებულ მოსახლეობას. ლ. ც-ძე იმყოფებოდა მიწისძვრით დაზარალებულ მოქალაქეთა სიაში, თუმცა არ ცხოვრობდა რკინიგზის ვაგონში, რის გამოც უარი ეთქვა 5000 ლარის ოდენობით კომპენსაციის მიღებაზე.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ 1991წ. ჭიათურის რაიონში უსახლკაროდ დარჩა 61 ოჯახი, მათ შორის მისი ოჯახიც. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის სახელმწიფომ გარდა რკინიგზის ვაგონებისა გამოყო ხის ფიცრულები, რადგან რკინიგზის ვაგონები ვერ აკმაყოფილებდა 61 ოჯახს. საქართველოს მთავრობის 23.06.05წ. ¹264ე განკარგულების თანახმად, უსახლკაროდ დარჩენილი 61 ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 500 000 ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 910 000 ლარი. აღნიშნულ განკარგულების საფუძველზე თითოეულ ოჯახს უნდა მიეღო კომპენსაცია 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. განჩინებით ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა გამოთქვეს მორიგების სურვილი, რისთვისაც განესაზღვრათ ვადა. 17.02.10წ. სასამართლოს მხარეებმა წარმოუდგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ.
მორიგების აქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან შემდეგ პირობებზე: 3.1 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (მოპასუხე) იღებს ვალდებულებას: ა) წინამდებარე მორიგების აქტზე მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 1 თვის განმავლობაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უზრუნველყოს ლ. ც-ძის განსახლება სამინისტროს მიერ შეძენილ და სამინისტროსავე სახელზე რიცხულ, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... არსებულ საცხოვრებელ სახლში, ზონა _ ლაგოდეხი ..., სექტორი – ..., კვარტალი – ..., ნაკვეთი – ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 2511.00- კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი _ ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: განაშენიანების ფართი ... – 171.30 კვ.მ, ... – 45.60 კვ.მ.; ბ) მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობითი სახით სათანადო მიმართვა (შუამდგომლობა) გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, რათა ამ უკანასკნელმა, ლ. ც-ძე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაარეგისტრიროს მორიგების აქტით გათვალისწინებულ სახლში მაცხოვრებლად; გ) წინამდებარე აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან არა უგვიანეს 2 წლისა, განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა, რათა ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება აღირიცხოს ლ. ც-ძის საკუთრებად. მორიგების აქტის თანახმად ლ. ც-ძემ (მოსარჩელე, კასატორი) უძრავი ქონების მიმართ იკისრა ვალდებულება: ა) განსახლდეს ამ უძრავ ქონებაში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; ბ) გამოიყენოს იგი საცხოვრებლად; გ) არ დააზიანოს, სათანადოდ მოუაროს მას და მოუვლელობით არ გააუარესოს მისი მდგომარეობა და არ შეამციროს მისი ღირებულება; დ) აღნიშნულ უძრავ ქონებაში, ამ ქონებაში მაცხოვრებლად დარეგისტრირების შემდეგ, მუდმივად იცხოვროს არანაკლებ ორი წლის განმავლობაში; ე) ქონების მის საკუთრებად აღრიცხვამდე, აღნიშნული ქონება არანაირად არ დატვირთოს და არანაირი ფორმით სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ, ისევე როგორც სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული საქმის დაწყება ან შეწყვეტა, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, საქმის მორიგებით დამთავრება მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული.
საკასაციო პალატამ განიხილა მორიგების აქტის წარმოდგენილი ტექსტი, რომელსაც ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელით – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კ. შ-იანი, ხოლო ფიზიკური პირის ლ. ც-ძის სახელით – ლ. ც-ძე. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა სამინისტროს წარმომადგენელმა და ლ. ც-ძემ იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე. სამინისტროს წარმომადგენლობის დამადასტურებელი აქტით (საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 17.02.10წ. ¹02/02-02/923 მინდობილობა), სხვა უფლებამოსილებებთან ერთად სამინისტროს წარმომადგენელი უფლებამოსილია დაასრულოს საქმე მორიგებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავის მორიგებით დამთავრება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რის გამოც მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მხარეებმა დაადასტურეს საქმის მორიგებით დამთავრების სურვილი და განაცხადეს, რომ წარდგენილი მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მათ მიერ გამოვლენილ ნებას. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას, ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზეგავლენას მხარეთა ნების გამოვლინების მიმართ ადგილი არ ჰქონია. მხარეებმა თანხმობა გამოხატეს, რომ მხარეთა მიერ წარდგენილი მორიგების აქტი დამტკიცდეს საკასაციო სასამართლოს მიერ, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა და ლ. ც-ძემ დაადასტურეს, რომ მორიგების აქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთები უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლოა, არ ადევს ყადაღა, არ არის რეგისტრირებული იპოთეკა ან საგადასახადო გირავნობა (აღნიშნული დასტურდება საქმეში დაცული დოკუმენტაციით _ 31.10.09წ. ¹090701666 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და 09.02.10წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით). მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მხარეებმა დაადასტურეს, რომ წარმოადგენენ სათანადო უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მხარეებმა დაადასტურეს აგრეთვე, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ ის, რომ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას. მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.09წ. გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ფიზიკური პირის – ლ. ც-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ფიზიკურ პირს – ლ. ც-ძეს შორის 17.02.2010წ. მორიგების აქტი დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
3. მხარეებს დაეკისროთ შემდეგი ვალდებულებები:
3.1 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (მოპასუხე) იღებს ვალდებულებას:
ა) მორიგების აქტზე მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 1 თვის განმავლობაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უზრუნველყოს ლ. ც-ძის განსახლება სამინისტროს მიერ შეძენილ და სამინისტროსავე სახელზე რიცხულ, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... არსებულ საცხოვრებელ სახლში, ზონა _ ლაგოდეხი ..., სექტორი – არეშფერანი ...., კვარტალი – ..., ნაკვეთი – ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 2511.00- კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: განაშენიანების ფართი ... – 171.30 კვ.მ, .... – 45.60 კვ.მ;
ბ) წინამდებარე აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობითი სახით სათანადო მიმართვა (შუამდგომლობა) გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, რათა ამ უკანასკნელმა, ლ. ც-ძე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაარეგისტრიროს 3.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტში გათვალისწინებულ სახლში მაცხოვრებლად;
გ) წინამდებარე აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან არა უგვიანეს 2 წლისა, განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა, რათა ამ მორიგების აქტის 3.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტში გათვალისწინებული უძრავი ქონება აღირიცხოს ლ. ც-ძის საკუთრებად;
3.2 ლ. ც-ძე (მოსარჩელე, კასატორი) იღებს შემდეგ ვალდებულებებს, ამ მორიგების აქტის 3.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონების მიმართ:
ა) განსახლდეს ამ უძრავ ქონებაში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ბ) გამოიყენოს იგი საცხოვრებლად;
გ) არ დააზიანოს, სათანადოდ მოუაროს მას და მოუვლელობით არ გააუარესოს მისი მდგომარეობა და არ შეამციროს მისი ღირებულება;
დ) აღნიშნულ უძრავ ქონებაში, ამ ქონებაში მაცხოვრებლად დარეგისტრირების შემდეგ, მუდმივად იცხოვროს არანაკლებ ორი წლის განმავლობაში;
ე) ქონების მის საკუთრებად აღრიცხვამდე, აღნიშნული ქონება არანაირად არ დატვირთოს და არანაირი ფორმით სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირებს.
4. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.09წ. გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.