ბს-788-803(კ-10) 24 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ჯ. შ-ძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 30 აპრილს ჯ. შ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს აჭარის ფილიალის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს ქონებრივი ზიანის – 1000 ლარისა და მორალური ზიანის – 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 180 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. შ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჯ. შ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის 180 ლარის დაკისრების ნაწილში; ჯემალ შაინიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ჯ. შ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2010 წლის 28 მაისს ჯ. შ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია და აღნიშნულის ჩასაბარებლად 2010 წლის 30 მარტს განცხადებით მიმართა სასამართლოს, რის შემდგომაც 2010 წლის 25 აპრილს ჩაბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივრის (განცხადების) გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ჯემალ შაინიძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გაეგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ... (ს.ფ. 83) და ჩაჰბარდა 2008 წლის 22 აგვისტოს (ს.ფ. 87), მან კი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2010 წლის 28 მაისს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით). ამასთან, ჯ. შ-ძეს სასამართლოში არ წარმოუდგენია იმის საწინააღმდეგო დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ რიცხვში არ ჩაბარებია.
აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ჯემალ შაინიძის განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს საკასაციო საჩივარს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულის დასაშვებობა შემოწმებულია ამ უკანასკნელისათვის დადგენილი საპროცესო ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. შ-ძეს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2008 წლის 22 სექტემბრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 28 მაისს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯემალ შაინიძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.