საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-804-778(კ-10) 20 ივლისი, 2010 წელი
Q ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. გ-იანის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებაზე, საქმე ლ. გ-იანის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ ა. გ-იანის, შ. მ-იანისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-804-778(კ-10) ლ. გ-იანის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ. გ-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ 38-ე მუხლის “ზ” პუნქტისა და 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 5 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ვერ გაიზიარა კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, რადგან კასატორს არ მიუთითებია თუ რის საფუძველზე და რა მოტივით ითხოვდა იგი სახელმწიფო ბაჟის გადავადებას. შესაბამისად, ხარვეზის შევსების მიზნით კასატორის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად საკასაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ.).
კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ლ. გ-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნა კასატორს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, კასატორს – ლ. გ-იანს განჩინება ჩაბარდა 2010 წლის 30 ივნისს (იხ.ს.ფ. 717), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 - დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 10 ივლისს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ ლ. გ-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.