Facebook Twitter

ბს-80-79(2კ-10) 9 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე სს “...” სარჩელის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 17 მაისს სს “...” სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ სსიპ შემოსავლების სამსახურის, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2010 წლის 4 თებერვლის ¹367/04-01 ბრძანების, 2010 წლის 8 თებერვლის ¹094-12 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 30 მარტის ¹1532 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-12).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2010 წლის 4 თებერვლის ¹367/04-01 ბრძანება, 2010 წლის 8 თებერვლის ¹094-12 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 30 მარტის ¹1532 ბრძანება და დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 176-183).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 191-200; 205-214).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 244-251).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 258-265; 269-276).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით წაროებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 279-280).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

კასატორებმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად (იხ. ს.ფ. 291-294; 296-298).

მოწინააღმდეგე მხარის _ სს “...” წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 301-304).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.