Facebook Twitter

ბს-80-79(კ-10) 15 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ა. ლ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 8 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ა. ლ-შვილის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 6306.5 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 თებერვლის ¹305 ბრძანებით, ა. ლ-შვილი გაწვეულ იქნა საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში და ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 ივნისის ¹1567 ბრძანებით, ა. ლ-შვილი 2006 წლის 28 მაისიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

მოსარჩელის განმარტებით, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში ა. ლ-შვილის მომზადებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა 6306.5 ლარი, რის გამოც მოსარჩელე ყოფილი სამხედრო მოსამსახურისაგან აღნიშნული თანხის ანაზღაურებას ითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის _ ა. ლ-შვილისათვის ზიანის ანაზღაურების სახით _ 6306.5 ლარის დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ამ კოდექსის ნორმები და ხელშეკრულების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები გამოიყენებოდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან წარმოიშობოდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლებოდა, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებოდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 თებერვლის ¹305 და 2006 წლის 6 ივნისის ¹1567 ბრძანებები არ ითვალისწინებდნენ ა. ლ-შვილზე დახარჯული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ კრედიტორს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ სახეზე ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა და უშუალოდ ასეთი შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი იქნებოდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ფაქტიურად არა ზიანის, არამედ უკვე გადახდილი ხელფასის თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 317-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ თანხის, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან ა. ლ-შვილის მიერ ხელფასის შესაბამისი შრომის გაწევის ფაქტი, არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან არა ხელფასს, არამედ მის სანაცვლოდ დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეზე დახარჯულ თანხას ითხოვდა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის ეტაპობრივ წვრთვნასა და მომზადებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე უზრუნველყოფდა. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მომზადებასა და წვრთნაზე საბიუჯეტო თანხები უშედეგოდ დაიხარჯა, ხოლო თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე კვლავ გაეწია შესაბამისი ხარჯები.

კასატორმა აღნიშნა, რომ ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონით 2005 წელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა განისაზღვრა 23 000-ით, ხოლო ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონით 2006 წელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა განისაზღვრა 28 000-ით.

კასატორის განმარტებით, ა. ლ-შვილის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის გამო, ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრისა და 2005 წლის 9 დეკემბრის კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის რაოდენობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონტრაქტის გაფორმება და თანხის ხელახლა დახარჯვა მოუწია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და ,,გ” ქვეპუნქტების შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმეში არ არის წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი (ტომი 2). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური დარღვევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ..თ” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმეში არ არის წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი არის მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამდენად, მითითებული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულების არსებობის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, სახეზე გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ხოლო საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.