Facebook Twitter

ბს-817-791(2კ-10) 1 დეკემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. გ-ძემ და ზ. კ-ძემ 24.09.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ... ქუჩაზე მდებარე მათ კუთვნილ 370 კვ/მ ფართის მიწის ნაკვეთზე აშენებული კედლის, ასევე დამონტაჟებული ნებისმიერი სხვა ნაგებობის, მოწყობილობისა და სხვა ნივთის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვეს.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.09წ. განჩინებით მოსარჩელეების ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის სარჩელი მოპასუხე თბილისის მერიის მიმართ ქმედების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ასკ-ის 16.2 მუხლით ჩაბმულ იქნენ ქ. თბილისში ... განთავსებული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრენი, ასკ-ის 16.1 მუხლით მესამე პირად იქნა ჩაბმული შპს “-”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მერიას დაევალა ... ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის კუთვნილ 370 კვ/მ მიწის ნაკვეთზე აშენებული ნებისმიერი ნაგებობის, მოწყობილობის და სხვა ნივთის დემონტაჟი და მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის კუთვნილ 370 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ...სართულიანი კორპუსის ფუძე გრუნტის გამაგრებითი საყრდენი კედლის დემონტაჟზე ეთქვათ უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, ო. გ-ძემ და ზ. კ-ძემ და მესამე პირმა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის “-” თავმჯდომარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.10წ. გადაწყვეტილებით ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.09წ. გადაწყვეტილების პირველი და მესამე პუნქტები, თბილისის მერიისა და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა “...” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.09წ. გადაწყვეტილების მეორე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა თბილისის მერიას ხელშეშლის აღკვეთა ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის მიმართ იმგვარად, რომ თბილისის მერიამ მოახდინოს ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის საკუთრებაში არსებულ 370 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მის მიერ განთავსებული ნაგებობის (ბავშვებისათვის განკუთვნილი ორი ცალი სასრიალოს, ერთი ცალი მხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი ე.წ აიწონა-დაიწონას და ორი ცალი საერთო სარგებლობის სკამის) დემონტაჟი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.10წ. გადაწყვეტილება საკასაცეიო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, ო. გ-ძემ და ზ. კ-ძემ. ქ. თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა, ხოლო ო. გ-ძემ და ზ. კ-ძემ თავიანთი საკასაციო საჩივრით აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერის, ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერის, ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერის, ო. გ-ძისა და ზ. კ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – ო. გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 03.06.10წ. ¹2 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.